Thursday, August 26, 2010

გვანცა დარასელია და მისი ქმარი პარიზში ჩარჩნენ


მშვენიერი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ცოტა ხნის წინ გათხოვდა და მეუღლესთან, ვახო მჭედლიძესთან ერთად საქორწილო მოგზაურობით ევროპა მოიარა. იქიდან, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. თურმე ბედნიერებით გაბრუებულმა წყვილმა დრო ვეღარ გათვალა, ერთ–ერთ რეისზე დააგვიანა და "იძულებული" გახდა, მსოფლიოს სიყვარულის დედაქალაქში, პარიზში გაეტარებინა ერთი ღამე, რითაც სიამოვნებით ისარგებლეს...

კიდევ ერთი შთამბეჭდავი მოგზაურობა კი გვანცას გათხოვებამდე ჰქონდა – ვიეტნამში, სადაც სრულიად მარტო წავიდა. ამ ყველაფერზე იგი "სარკეს" მოუთხრობს.

– გვანცა, სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოხვედით საქორწინო მოგზაურობიდან. მოგვიყევით, სად იყავით და რა შთაბეჭდილებით დაბრუნდით.

– ქორწილის მეორე დღეს საქორწილო მოგზაურობაში წავედით. სულ 2 კვირით ვიყავით, მაგრამ ეს მართლაც ზღაპრული მოგზაურობა იყო. ჯერ პრაღაში ჩავედით, იქიდან 2 საათში მანქანით ვენაში ჩავედით, სადაც 4 დღე დავრჩით. შემდეგ პრაღაში დავბრუნდით. ორი დღის შემდეგ მანქანით მიუნხენში წავედით ერთი დღით. სავაჭრო ცენტრში ვიყავით და, რაც მოვასწარით, ის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ. შემდეგ ნიცაში გავფრინდით, სადაც 4 დღე დავრჩით. ნიცადან მანქანით დავდიოდით კანში, ვიყავით მონაკოში, მონტე კარლოში წავედით ერთი ღამით და ვნახეთ ცნობილი კაზინო "ლას ვეგასი", ცნობილი კაფე "დე პარი". იქიდან საოცარი შთაბეჭდილებებით წამოვედით. ნიცადან ისევ პრაღაში უნდა გადავფრენილიყავით პარიზის გავლით, მაგრამ დაგვაგვიანდა პრაღის რეისზე, სასტუმროში გავჩერდით და იმ ღამეს პარიზში ჩავრჩით, რაც საერთოდ არ გვქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, გავედით ქალაქის ცენტრში, ვნახეთ ყველაფერი, რაც სანახავი იყო და რაც შეიძლებოდა ამ დროში მოგვესწრო – ეიფელის კოშკი, ლუვრი, ტრიუმფული თაღი, ლუვრის შუშის პირამიდა და ა.შ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ეიფელმა მოახდინა, რადგან იქ მოვხვდით ზუსტად ღამის 12 საათზე, როცა ნათურები საოცრად ციმციმებენ. აღუწერელი შთაბეჭდილება იყო. ამბობენ, ეიფელის კოშკი ღამით უნდა ნახოო. ასეც მოხდა. დილის 6 საათზე გვქონდა რეისი. ამჯერადაც დავაგვიანეთ. მოკლედ, პრაღაში ჩასვლა საოცარი პრობლემა გახდა და მინდა ვაღიარო, რომ აეროპორტში გვეძინა სკამებზე, ისეთი გათიშულები ვიყავით. საბოლოოდ ნიცადან პრაღაში 26 საათში ჩავაღწიეთ. იქ 3 დღე დავრჩით და შემდეგ გამოვფრინდით საქართველოში. საკმაოდ დატვირთული მოგზაურობა იყო, ვერც გავიგეთ, როგორ გავიდა ორი კვირა.

ვროპა არ მქონდა ნანახი. იქ სულ სხვა სიტუაციაა, აბსოლუტურად განსხვავებული დონეა. ვენაში საოცარი არქიტექტურაა. რომ დადიხარ, გინდა, ყველა შენობას სურათი გადაუღო. პრაღა ყველას ქალაქია. ქუჩაში რომ გავედი, ძალიან შინაურულად ვიგრძენი თავი, თითქოს ჩემთვის არაფერი იყო სიახლე. მერე მივხვდი, რატომ გიჟდება ყველა ამ ქალაქზე. განსხვავებული აურა აქვს, რომელიც ყველას იზიდავს.

– მარტოები იყავით თუ მეჯვარეებიც გახლდნენ?

– ვახოს ერთი მეჯვარე დაგვხვდა ვენაში. პრაღაში კი ვახოს უამრავი მეგობარი ჰყავს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში იქ ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ მარტო არსად ვიყავით და ძალიან კარგად გავერთეთ.

– თუ არ ვცდები, ერეკლე კოდუას საჩუქარი იყო ვენაში მოგზაურობა.

– დიახ, ჩვენი ვენაში ყოფნა მან აიღო საკუთარ თავზე და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

– ვახოსთან ერთად საზღვარგარეთ პირველად იყავით, მოგეწონათ ქმართან ერთად სიარული?

– იცით, ეს მოგზაურობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო სწორედ იმიტომ, რომ ვახოსთან ერთად ვიყავი და ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. სულ სხვა განცდა და სხვა რომანტიკაა.

– გვანცა, თქვენი სულ პირველი საზღვარგარეთული ქვეყანა და პირველი შთაბეჭდილება რა იყო?

– ჩემი ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ვიეტნამში იყო. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან. ამას მოგზაურობა არ ერქვა, ეს იყო ერთთვიანი სიგიჟე "მის სამყაროზე". იქიდან ისეთი დაღლილი ჩამოვედი, რომ სულ არ მახსოვდა, სად ვიყავი, რა ადგილები ვნახე და რითი მოვიხიბლე.

– ამიტომაც გახსოვთ განსაკუთრებულად "შთამბეჭდავად"?

– განსაკუთრებით შთამბეჭდავი იმიტომ იყო, რომ ძალიან მეშინოდა, მივდიოდი სრულიად მარტო დედამიწის მეორე ბოლოში. მაშინ პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში. თან, როდესაც მიდიხარ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე, იცი, რომ მშობლები ძალიან ნერვიულობენ, შენც იმავე მდგომარეობაში ხარ. აეროპორტში რომ მივედით და მამაჩემის სახე დავინახე, მივხვდი, რომ ჩემს გაშვებას ძალიან ნანობდა. ეშინოდა, რადგან მიშვებდა ძალიან შორს და თან მარტოს.

წარმოიდგინეთ, ჯერ გადავფრინდით სტამბულში, იქიდან ბანგკოკში, ვიფრინეთ 18 საათი, ეს იყო ძალიან დამღლელი და მოსაწყენი საათები. ბანგკოკის აეროპორტში რამდენიმე საათი გავჩერდით, იქიდან კი გადავფრინდით ვიეტნამში. ამ ერთი დღის განმავლობაში რაღაცეები შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. სტამბულის აეროპორტში შოკი მივიღე. იქ რამდენიმე საათი გავჩერდით. დავდიოდი და ვათვალიერებდი აეროპორტს, მაღაზიებს, სადაც ოთხჯერ დავიკარგე და ძლივს გამოვაგენი. ტელეფონით დედას ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, კარგად ვარ–მეთქი და ამ დროს მესმის ხმა: "ქართველი ხარ?". გადავირიე, ბანგკოკშიც ქართველი ვნახე! ეს იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საქმიანი ვიზიტით მიდიოდა სხვა ქვეყანაში. გავიცანით ერთმანეთი, ის დრო ერთად მოვკალით და ამან გამიადვილა მარტო ყოფნის პერიოდი. ის ბიჭი ჩემზე ადრე გაფრინდა.

– სრულიად მარტო რატომ წახვედით?

– ასე იყო დაგეგმილი. საერთოდ არავინ მომყვებოდა. რომ ჩავფრინდი დანიშნულების ადგილზე, იქ დამხვდა ჯგუფი და მერე უკვე "მის სამყაროს" გოგონებისა და საორგანიზაციო ხალხის გარემოცვაში ვიყავი. ასე რომ, იქ არანაირი დისკომფორტი აღარ მქონია. თუმცა მივიღე გამოცდილება იმ მხრივ, რომ კონკურსის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე გაგვიფორმეს კონტრაქტები, რომლის თანახმად, იმ წუთიდან, როცა "მის სამყაროს" დაადგამდნენ გვირგვინს, იხსნიდნენ ჩვენზე ყველანაირ პასუხისმგებლობას, აღარ გვეყოლებოდა მძღოლი, დაცვა და ერთადერთ ვალდებულებას იღებდნენ, რომ სამშობლოში გამოფრენის დღეს აეროპორტში მიგვიყვანდნენ.

ის ორი დღე გამოფრენამდე გოგონებმა ძალიან კარგად გავატარეთ – ვიშოპინგეთ, ვიარეთ ქალაქში. ერთხელ მარტო გავედი ქუჩაში და ძალიან შემეშინდა. რაღაცნაირი ხალხია, უცნაური. კეთილგანწყობილები არიან, როდესაც გიყურებენ როგორც "მის სამყაროს" კონკურსანტს, იღებენ ავტოგრაფებს, გიღებენ სურათებს, გელაპარაკებიან და გიჟდებიან შენზე, მაგრამ, როცა ლენტის გარეშე გადიხარ, არ იციან, ვინ ხარ, რაღაცნაირად გიყურებენ, გაკვირდებიან, შეიძლება აგეკიდონ ქუჩაში... მარტო იმიტომ გავედი, რომ მობილურის დამტენი დავკარგე, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემი ოჯახის წევრებისთვის. სასტუმროში ვიკითხე, სად შეიძლებოდა "ნოკიას" ცენტრი მენახა. მიმასწავლეს და მეც გავრისკე, ქუჩაში მარტო გავედი. რომ ვიყიდე, სირბილით გამოვიქეცი უკან.

იქ დადიან მოპედებით, მანქანას იშვიათად შეხვდებით, რადგან ძალიან ბევრნი არიან და ამდენი მანქანა ქუჩაში ვერც ივლის. ვიღაც ამეკიდა მოტოციკლეტით. თან, იქ ძალიან ცხელა და ცოტა ბინძურებიც არიან. ძლივს მივაღწიე სასტუმრომდე.

– მშვიდობიანად გამოფრინდით?

– აეროპორტში მიმიყვანეს, ბარგი შესასვლელშივე მომაყარეს და "პაკა" მითხრეს. შევიტანე ჩემოდნები და, როგორც ყოველთვის, ბარგი უნდა აწონონ. გამომიწერეს ჩეკი, მივედი სალაროსთან და მოლარე მეუბნება, მილიონ რაღაცა დონი (ვიეტნამური ფული. ავტ.შენ.) უნდა გადაიხადოო. ვუთხარი, რომ დონები არ მქონდა და დოლარებში ეთქვა, რა უნდა გადამეხადა. რომ დათვალა, მეუბნება, 800 დოლარი უნდა გადაიხადოო. სულ 500 დოლარი მქონდა. ვეუბნები, რაღაც გეშლებათ, თავიდან დათვალეთ–მეთქი. დათვალა და იგივე გამომიწერა. იქ ცოტა აფერისტი ხალხია, რომ ხედავენ, იქაური არ ხარ, გატყუებენ. გამოდიოდა, რომ ნახევარი ბარგი უნდა გადამეყარა, რაც ძალიან არ მინდოდა. არც ვაციე, არც ვაცხელე, ამოვიღე ჩემი "ლენტოჩკა", რომელსაც აწერია ჯორჯია და ძალიან ცივი სახით ვუთხარი, სასწრაფოდ მომიყვანეთ აეროპორტის მენეჯერი, მე ვარ "მის სამყაროს" კონკურსანტი, ვარ თქვენი ქვეყნის გამორჩეული სტუმარი და არ ვიმსახურებ ასეთ უპატივცემულობას–მეთქი. ეს გოგო ძალიან დაიბნა. იქ შეგიძლია ევაჭრო, მაგალითად, ბაზარში რომ მიდიხარ, შეგიძლია რასაც გიფასებენ, იმის მეოთხედ ფასში იყიდო. ამ გოგომ მართლაც გამოიყვანა მენეჯერი. მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ამდენი ფული არ მქონდა და არ ვიყავი იმის ღირსი, რომ ბარგი დამეტოვებინა. იმდენი ვიწუწუნე, რომ საბოლოად 300 დოლარი გადამახდევინეს. 200 დოლარი კიდევ დამრჩა. ბოლომდე არ მჯეროდა, რეები გავაკეთე! ძალიან კმაყოფილი გამოვფრინდი.

– ღირსშესანიშნაობებიდან რა ნახეთ ვიეტნამში, რა ადგილები დაგათვალიერებინეს?

– 20 დღე სულ ვმოგზაურობდით, ვიეტნამის სხვადასხვა ქალაქები მოვინახულეთ. ყველანაირი სახის ტრანსპორტით ვიარეთ. საერთოდ ასე ხდება კონკურსებზე, რადგან უამრავი ვიზიტია, შეხვედრა, გადაღებები სხვადასხვა ადგილზე, ექსკურსიები და ა.შ. დაახლოებით 7 ქალაქში გადავფრინდით. რომელიმე ქალაქის სასტუმროში რომ შევიდოდით, გვაფრთხილებდნენ, რომ ბარგი არ უნდა ამოგველაგებინა, რადგან მეორე დღეს დილის 5 საათზე უნდა ავმდგარიყავით და სხვაგან გავფრენილიყავით. და ეს ყველაფერი ხომ არ გგონიათ, რომ სამოგზაურო ფორმაში ხდებოდა. არა, ქუსლებით, მაკიაჟით, დავარცხნილები დავდიოდით აქეთ–იქით. ეს ჩემთვის კატასტროფა იყო. წარმოიდგინეთ, რა არის მაღალ ქუსლებზე მოგზაურობა. თან გვითხრეს, რომ ამ ტურნეში მხოლოდ ერთი ჩემოდანი უნდა გვეტარებინა და მასში ჩაგვეტია ყველა საჭირო ნივთი.

– როგორი ხალხია ვიეტნამელები?

– "მის სამყაროზე" იყო აღლუმი, რიოს კარნავალივით ჩატარდა. გოგონები 10 მანქანაზე ვიყავით გადანაწილებული და ხალხს ვუყურებდით. იცით, როგორი სიტუაცია იყო? მადონა რომ ჩადის სადღაც, ზუსტად ისეთი. ხალხი გაგიჟებული იყო ჩვენი დანახვით. ზემოდან ვუყურებდით მათ, ხელს ვუქნევდით. ისინი ყვიროდნენ, ხელებს გვიქნევდნენ, საოცარ სიყვარულს გამოხატავდნენ. ვიეტნამი ის ქვეყანა არაა, სადაც განებივრებულები არიან ასეთი მასშტაბური ღონისძიებებით და ასეთი სტუმრებით. ძალიან უცნაური ხალხია, გეხუტებიან ისე, რომ აშკარად არ აკვირდებიან, გსიამოვნებს თუ არა. თან, როგორც გითხარით, არაჰიგიენური ხალხია. იქ 45 გრადუსი სიცხე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ასეთი შემთხვევა იყო. წაგვიყვანეს რესტორანში. ნაციონალური, საამაყო კერძი უნდა გაესინჯებინათ. ჯერ შესახედავად იყო საშინელება, ლორწოს ჰგავდა. თან თავზე გადგანან და გეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა შეჭამო, რომ არის სამკურნალო საჭმელი და გემრიელი. ვერაფრით გავსინჯე. ვუთხარი, რომ უკვე დანაყრებული ვიყავი და ფიგურას ვუფრთხილდებოდი. ღია რესტორანი იყო და საშინლად ცხელოდა. გამოაცხადეს, რომ სპეციალურად "მის უნივერსის" წარმომადგენლებისთვის ვიეტნამის ვარსკვლავი, მომღერალი გამოვიდოდა და იმღერებდა. გამოვიდა ულვაშებიანი კაცი შლაქსებით, თეთრი პიჯაკით და წითელი ვარდით. გამოვიდა და უცებ დაიწყო სიმღერა, "მილიონ ალიხ როზ". ვიეტნამში კაცი მღერის რუსულად! გადავირიე. რა თქმა უნდა, ავყევი სიმღერას და გოგონები გაგიჟდნენ, ვიეტნამური იციო. ისე მოხდა, რომ იქ რუსი და უკრაინელი გოგონები არ იყვნენ და სხვებმა არავინ იცოდა ეს სიმღერა. ამ მომღერალმა დაინახა, რომ ვმღეროდი. დამიძახა სცენაზე და ერთად შევასრულეთ სიმღერა. ძალიან სახალისო იყო.

ვიეტნამში ყველაფერი ძალიან იაფია. ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში კაბა მომეწონა, რომელშიც 80 დოლარს მახდევინებდნენ. სინამდვილეში კი 8 დოლარი ღირდა. კიდევ კარგი, ერთ–ერთმა კონსულტანტმა დაინახა და მკითხა, რამდენს იხდიო. ფასი ვუთხარი და გაგიჟდა, დახედე, რა აწერიაო. გადამარჩინა, რომ 8 დოლარიან კაბაში 80 არ გადავიხადე. შოპინგისთვის რამდენი დროც უნდა მქონდეს, მაინც არ მყოფნის. თბილისშიც, თუ ერთი ადგილიდან მეორეზე ფეხით მივდივარ, გზად აუცილებლად მაღაზიაში უნდა შევიარო.

– კიდევ რომელ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

– ვიეტნამიდან რომ გამოვფრინდით, თურქეთში გავჩერდით და გადავწყვიტე, სტამბულში გამომეყენებინა ეს დრო. სასტუმრო მეკუთვნოდა. ერთი კარგად გამოვიძინე, მერე სასტუმროში ავიღე ტური და დავათვალიერე სტამბული. ძალიან მინდოდა აია სოფიას ნახვა. მარტომ, ეულად დავათვალიერე ყველაფერი ექსკურსიასთან ერთად. ვნახე სტამბულის ბაზარი, რომლისაც ძალიან შემეშინდა, რადგან ბაზარი კი არა, მთელი ქალაქია. ქუჩებია ამ ბაზარში და აბსოლუტურად ყველა დახლთან გამყიდველი ან კაცია, ან ბიჭი. ყველა გეპატიჟება ჩაიზე. თან, იცით, როგორ? ხელს გკიდებენ და მიგათრევენ. იქ რომ დაიკარგო, გამორიცხულია, უკან გამოხვიდე. უცებ შევედი, იქვე ვიტრიალე და იმ წამსვე გამოვედი. ჩაი არ დამილევია, შეშინებული გამოვედი უკან. მეჩეთშიც ვიყავი.

მას შემდეგ კიდევ მქონდა ერთი გასვლა მოსკოვში. ეს იყო შარშან. ჩემი დაქალის ქორწილში მეჯვარე გახლდით და ერთი კვირით გავფრინდი. მართლა დაუვიწყარი მოგონებაა ჩემთვის, რადგან, პირველ რიგში, ჩემი უახლოესი მეგობრის ბედნიერებას დავესწარი. თან ძალიან მინდოდა მოსკოვის ნახვა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იქ კულტურული ტურები მქონდა და ბევრი რამის დათვალიერება მოვახერხე. წითელ მოედანზე გავედი, მაგრამ ძირითადად ვცდილობდი, უახლოეს ადამიანებთან ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, მოვახერხე შოპინგი. ძირითადად დავდიოდით სავაჭრო ცენტრებში. მართლა ძალიან კარგია მოსკოვური შოპინგი.

No comments:

Post a Comment