Thursday, August 26, 2010
„სექსი „ვაბშე" ყველაფერია“
„ნანკა არც „სტრანნია“ და არც უკომპლექსო. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივად მტკივა, განვიცდი და მიხარია... მეზიზღება ნეგატივი, კონფლიქტები, ყვირილი... მიყვარს ღიმილი და ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ ერიდებათ, ანუ სადაც ეძინებათ, იქ იძინებენ და სადაც ეტირებათ, იქ ტირიან. წესით არ ვარ პრობლემური ადამიანი. უბრალოდ, მე მჭირდება ჩემი სივრცე...“ ნანკა კალატოზიშვილი შეეცადა „პრაიმტაიმისთვის“ საკუთარი პორტრეტი დაეხატა.
ნანკამ საზოგადოების ყურადღება, ჯერ კიდევ წლების წინ, ექსტრავაგანტური იმიჯით დაიმკვიდრა. ის ლამაზი გოგოა, უკომპლექსო... თუმცა მისი გულის მოგება ძნელია. თან აღიარებს, რომ არც ისეთი უკომპლექსოა, როგორ ჩანს...
-ნანკა თავიდანვე უნდა შემპირდე, რომ ყველა კითხვაზე გულახდილად მიპასუხებ.
-რა პრობლემაა. თუმცა ძაან არ გაიგო, თუ მოგატუე.
-ხშირად იტყუები?
-არა. როცა მინდა მაშინ. ხანდახან კი ისე ვიტყუები, რომ ვერ ვაცნობიერებ.
-ანუ რეალურ ცხოვრებაშიც თამაშობ?
-არა, მაგ პონტში არა, ეს უფრო დაბნეულობის ბრალია.
-როდის ხარ დაბნეული, როცა მარტო ხარ, როცა გიყვარს თუ?..
-ვაბშე, პა ჟიზნი, დაბნეული ვარ. თუმცა დაბნეულობა არის ის, რომ ერთ რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული.
-ახლა რაზე ხარ კონცენტრირებული?
-არაფერზე, სერიოზული უსაქმურობა მაქვს.
-პირად ცხოვრებაში რა ხდება?
-არაფერი საინტერესო...
-მოდი, შენს პირველ სიყვარულზე ვისაუბროთ?
-ოო, ეს იყო 13 წლის ასაკში... ჩეხი ბიჭი შემიყვარდა. მსგავსი განცდა არავისზე მქონია. ჩეხეთში ჩავიტანეთ სპექტაკლი. იქ დაგვხდა ერთი ტიპი, რომელიც თავიდან საერთოდ არ მომეწონა, მაგრამ მერე ხომ იცი, ლიბიდო რომ აწუხებს ტიპებს, ერთმანეთს რომ აწვალებენ, ეგეთი რაღაც დაგვემართა. თმებს მქაჩავდა და ერთმანეთს ვაწვალებდით. მაშინ მივხვდი, რომ მოვწონდი და მეც მომეწონა. მერე იმ ბიჭმა კულონი მაჩუქა, რომელიც ძაან მაგარი რაღაც მეგონა. რომ წამოვედი მთელი ღამე ვტიროდი.
-კულონი სად წაიღე?
-ის ბიჭი, კულონიანად ისტორიას ჩაბარდა.
-პირველად როდის აკოცე?
-პირველი კოცნა მქონდა ბაღში, ფარდის უკან ვკოცნიდი ტუჩებში ერთ ბიჭს, რომელსაც ლაშა ერქვა. ამ დროს ჩემმა ძმამ გამომიჭირა და სახლში ჩამიშვა. როცა დედამ და მამამ დამიბარეს, გული მისკდებოდა, მაგრამ ხუთი წლის ბავშვის ტუჩებში კოცნა ისეთი სასაცილო იყო, რომ მაგარი დავიცინე.
-ემოციებით და განცდით როდის აკოცე?
-19 წლის ასაკში, როცა მართლა პირველად შემიყვარდა...
-ხუთი წლის მერე როდის წარსდექი მშობლებთან შენი პირადი ცხოვრების გამო?
-იცი რა, მე მშობლებისთვის საერთოდ არასოდეს არაფერი დამიმალავს, რადგან მირჩევნია, სანამ ჭორად გაიგებენ რამეს, მე ვუთხრა. შესაბამისად, არც წარვმდგარვარ... და არა მარტო მშობლებთან, არამედ ყველასთან ყველაფერს ვყვები.
-ინტიმურ დეტალებსაც?
-არა, რა სისულელეა, მაგრამ შეიძლება რაღაც ღადაობის პონტში მოვყვე.
-რამდენი წლის იყავი, როცა ქალიშვილობა დაკარგე.
-ოცის ვხდებოდი. ეს ყველაფერი ოჯახში არ დამიმალავს, რადგან იმ ბიჭთან სერიოზული ურთიერთობა მქონდა.
-თუმცა შემდეგ დაინგრა ეს ურთიერთობა, რა მოხდა სინამდვილეში?
-ეს ერთ-ერთი დიდი გაჭედვის პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან გამიჭირდა, რადგან დავკარგე ის ადამიანი, რომელიც ძალიან ჩემიანი იყო.
-რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?
-უბრალოდ, გავიზარდეთ. თან მე დებილი ბავშვი ვიყავი, რაღაცებს არ ვთმობდი, მაგრამ ცხოვრებაა და ასე მოხდა. ამ ყველაფერს დღეს არ ვნანობ, რადგან ის ადამიანი ძალიან ბედნიერია.
-შენთან ერთად არ იყო ბედნიერი?
-შეიძლება რაღაც პერიოდი იყო, მაგრამ დღეს ძალიან კარგად არის.
-დეპრესის პერიოდიდან ვინ გამოგიყვანა?
-არავინ, საკუთარმა თავმა. დასასვენებლად წავედი მარტო. ოღონდ არ იცი, რა არის ქობულეთში მარტო ყოფნა (იცინის). ეს იყო ტრაგედია, ნომრიდან არ გამოვდიოდი ფაქტობრივად.
-შემდეგ ვინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
-გამოჩნდა ერთი ადამიანი და ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო, სხვანაირი გრძნობით.
-შენს გვერდით მამაკაცები თავს კომფორტულად გრძნობენ?
-რაღაც ეტაპამდე კი, მაგრამ როცა ბრძოლას იწყებენ, უკვე მე არ მინდა მათ გვერდით ცხოვრება.
-რისთვის იწყებენ ბრძოლას?
-გადაკეთებისთვის.
-რა არ მოსწონთ შენი?
-იცი რა? როცა ურთიერთობაში ხარ მამაკაცთან, მან უნდა მოგცეს თავისუფლება იმისთვის, რომ გქონდეს შენი სივრცე. ამ სივრცეს მე არ ვურღვევ მამაკაცს. არ მაინტერესებს, ვის ელაპარაკება ტელეფონზე, არ ვკითხულობ... ერთი სიტყვით, ვენდობი და მინდა, ჩემთანაც ასე მოიქცნენ, რადგან ჩემი სივრცე მაქვს და ხანდახან მინდა, შუა ღამეს მარტო ვისეირნო და როცა ეს არ ესმის ადამიანს, მაშინ იწყება კონფლიქტი. მიდის მსოფლმხედველობების ჭიდილი და ამ ჭიდილში მე, ხან ვამბობ - „ნახვამდის“, ხან - არა.
-ნანკა, რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
-სამჯერ.
-ახლა?
-კი, ვარ.
-ვინ არის შენს გვერდით?
-ერთი ადამიანია რა, ნუ არის რა, ხო არის...
-ასე რატომ ამბობ?
-აი, ახლა მსოფლმხედველობების ჭიდილი დაგვეწყო...
-რა არ მოსწონს მას შენში?
-ეს მას ჰკითხეთ.
-გათხოვებას არ აპირებ?
-ჯერ არა.
-ნანკა, ნარკომანი მართლა ხარ?
-არა... მე და ნარკოტიკი?.. ძალიან სასაცილოა... რატომ გადაეკიდნენ ამას, ვერ ვხვდები. საერთოდ მეზიზღება ნარკომანები, ორგანულად ვერ ვიტან.
-მარიხუანაც არ მოგიწევია?
-როგორ არა, მომიწევია. თუმცა არ ვეწევი.
-როგორია მარიხუანის კაიფი?
-იცით რა, ფხიზელზე მაგარი კაიფი არ არსებობს. როდესაც ძალიან ბევრი სიამოვნების წყაროა, არ მესმის, რატომ უნდა იკაიფო.
-რითი იღებ სიამოვნებას?
-ყველაფრით. მეგობრებით, ადამიანებით, ლონგ აილენდით.
-ნანკა, რატომ ამბობენ, რომ „სტრანნი“ ხარ?
-არ ვიცი. მე ჩემი თავი ძალიან დალაგებული მგონია, თუმცა შეყვარებული მეუბნება, რომ შენ ორი ხარ და ხანდახან მესამეც იჩითებიო.
-შენი გულის მოგება ძნელია?
-არა, ჩემი გული რომ მოიგო, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყო, რაც არ ევასებათ ხოლმე.
-შენ ხარ ყურადღებიანი?
-მე ვარ. თუმცა ახლა სწორედ ეგ პრობლემა მიდგას. ვგრძნობ, რომ იმდენი ვერ გავეცი, რასაც ის ადამიანი იმსახურებს, რომელიც დღეს ჩემს გვერდით არის.
-იქნებ იმდენად არ გიყვარს?
-არა, მიყვარს. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ახლა დაცლილი ვარ და დალაგება მჭირდება, ფსიქოლოგიური და სულიერი. ცუდად კი არა ვარ, უბრალოდ, ჩემს გვერდით მყოფ ადამიანს დისკომფორტს ვუქმნი და ეს არ მევასება.
-სექსი შენთვის განტვირთვის საშუალება არ არის?
-განტვირთვის არ ვიცი. სექსი ვაბშე ყველაფერია. ამ დროს რიგდებიან, ესიყვარულებიან ერთმანეთს, რაც ურთიერთობაში მთავარია. საერთოდ, არ მესმის, უსიყვარულოდ როგორ შეიძლება სექსი.
-ნანკა, კარიერაში წარმატებული ქალი ხარ. პირად ცხოვრებაში?
-უბედური არა ვარ.
-თუმცა?
-არ ვიცი, წარმატებული პირადი ცხოვრების რა გითხრა. იცით რა, მე მჭირდება, რომ ჩემი ესმოდეთ და არ ეგონოთ, რომ სამი ვარ.
-რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?
-იმიტომ, რომ ერთი ცხოვრება არ მაკმაყოფილებდა. მრავალფეროვნება მჭირდებოდა.
-ანუ შენც აღიარებ, რომ ერთი არ ხარ და სამი ხარ?
-ერთი ვარ, მაგრამ მრავალფეროვნება მინდა. საერთოდ, მსახიობობა „სტრანნია“. არა მარტო შენი პერსონაჟის, არამედ, შენს ცხოვრებაშიც იქექები და იმდენს იქექები, რომ შეიძლება, მერე რაღაც გაგიტყდეს.
-ინტერვიუს დასაწყისში შემპირდი, რომ გულახდილი იქნებოდი. რამდენად გულახდილი იყავი?
-სამწუხაროდ ვიყავი, მართლა ჩემდა სამწუხაროდ.
(primetime)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment