Friday, August 27, 2010

მალე ბათუმში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი


30-31 აგვისტოს, ახალ ბულვარში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “მუსიკა და ცხოვრების ჯანსაღის წესი გაიმართება.ფესტივალის ფარგლებში მოწვეულია იტალიიდან ცნობილი თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ედო მელა და 6 ქართველი მომღერალი.
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ღონისძიების მთავარი ორგანოზატორებია: ბათუმის მერია და კომპანია “ბორჯომი”.
დასწრება უფასოა.

ჯეოსტარის ფინალისტი ვაჟა მანია ლონდონში ვოკალის კურსს გაივლის


სატელევიზიო ტალანტ-შოუ `ჯეოსტარის` ფინალისტი ვაჟა მანია სასწავლებლად ლონდონში მიდის. ვოკალის კურსებს ის ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში გაივლის.

მომღერალი ლონდონში დღეს მიემგზავრება. კურსის დამთავრების შემდეგ ის ბრიტანეთში დარჩენას და ვოკალური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს. ლონდონში სწავლება ვაჟა მანიასთვის `ჯეოსტარის` საჩუქარია.

მოსკოვში "U2"-ს კონცერტი გაიმართა


მოსკოვში "U2"-ს კონცერტი გაიმართა. წარმოდგენის ბოლოს ბონომ რუს ოპოზიციონერ როკმუსიკოსთან იური შევჩუკთან ერთად ცნობილი ჰიტიც შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მედვედევთან შეხვედრამდე ბონოს კრიტიკოსმა არტიომ ტროიცკიმ წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსული ცენზურა როკმუსიკისა და ეკოლოგიის სფეროზეც ვრცელდება. წერილს ხელს "DDT"-ს სოლისტიც აწერდა.

მოგვიანებით ბონომ აღნიშნა, რომ წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც სოჭი დატოვა.

”მის შესახებ ადრე რომ გამეგო, აუცილებლად დავუსვამდი პრეზიდენტ მედვედევს კითხვებს”,- განაცხადა ბონომ.

კონცერტს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. წარმოდგენისას "ამნისთი ინტერნეშენელის" 2 მოხალისე დააკავეს და გრინფისის საინფორმაციო კარვები დახურეს.

მომხდარმა ჯგუფის წევრების აღშფოთება გამოიწვია. ადამიანის უფლებათა დამცველები და ეკოლოგები პროპაგანდულ საქმიანობას "U2"-ს კონცერტების მსვლელობისას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეწევიან, თუმცა აქამდე მათთვის ხელი არავის შეუშლია.

ქართველმა მომღერალმა ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა


ბულგარეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "მდინარის ნოტები" ქართველმა შემსრულებელმა თეო თევზაძემ გრან-პრი მოიპოვა. კონკურსი რამდენიმე ტურად გაიმართა, ოთარ ყუფუნიას მიერ ქართულ ქალაქურ მოტივებზე შექმნილმა სიმღერამ, ჟიურიმ განსაკუთრებით აღაფრთოვანა.

პირველივე საკონკურსო ტურის შემდეგ, 45 კონკურსანტს შორის თეო თევზაძე ბულგარელ კრასიმირა ატანასოვასთან ერთად ლიდერად ითვლებოდა.
თეო თევზაძე 18 წლის არის, მუსიკის შესწავლა რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლში "ლახტი" დაიწყო, იყო ანსამბლ "ნერგების" სოლისტი.

მისი პედაგოგები არიან ნუცა ჯანელიძე და ნანა ჟღერია. თევზაძე სატელევიზიო მუსიკალური პროექტის "ნუცას სკოლის" მონაწილე და "სმს ფესტივალის" პირველი ადგილის მფლობელია. კონკურსის შემდეგ ახალბედა მომღერალმა ყაზახეთის კულტურის მინისტრის მოადგილისგან და ვარნის საერთაშორის ფესტივალის ორგანიზატორებისგან მიწვევა მიიღო. ჟიურის თავმჯდომარის განცხადებით, თეო თევზაძეს აქვს ფანტასტიური ხმის ტემბრი, საოცრად სცენურია და აქვს საოცარი ტექნიკა, რითაც ის სხვა კონკურსანტებს შორის გამოირჩეოდა.

თეო თევზაძის საერთაშორისო ფესტივალზე გამგზავრება მამუკა სააკაშვილის საპროდიუსერო ცენტრმა უზრუნველყო.

"ფლირტი და საკურორტო რომანები აღარ მიტაცებს"


შოუმენი ამიკო – ამირან ჩოხარაძე – აჭარელია, ბათუმი მისი მშობლიური ქალაქია. თბილისში, 3 წელია, რაც ცხოვრობს და ბათუმი მუდმივად ენატრება, იქაური ცხოვრების ხიბლზე გატაცებით საუბრობს. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ამიკო თავის ქალაქში არ ჩასულა. ამ ზაფხულს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულება დაგეგმა, ასევე – უცხოეთში დასვენება, მაგრამ ბათუმი მისთვის სულ სხვაა – ქალაქი, რომელშიც მისი ბავშვობაა დარჩენილი.



ამიკო: სამი წელია, რაც "კომედი გრუპში" ვარ, ამიტომ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ხშირად მაქვს მონატრება ჩემი ქალაქის, ოჯახის, ბათუმელი მეგობრების. მთელი წელი სულ ვმუშაობ და ზაფხულობით დასვენებას და ბათუმში ჩასვლას დიდი ამბით ველოდები. და დადგა დრო შვებულების, მინდა მთელი საქართველო მოვიარო, ვნახო კახეთი, სვანეთი, რაჭა... მინდა საქართველოს საზღვრებს გარეთაც წავიდე, თურქეთში, საბერძნეთში, თუმცა გეზს საით ავიღებ, ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცი.

– როგორ გხვდებათ ბათუმი, როცა ჩადიხართ?

– ბოლო ერთი წელია, ბათუმში არ ვყოფილვარ. მეგობრები ძალიან მონატრებულები არიან, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩასვლის დღიდან ვქეიფობთ, ვსვამთ, ვერთობით...

– აჭარელ მეგობრებს არ სწყინთ, როცა სკეტჩებში აჭარულ კილოზე ხუმრობთ?

– აჭარელი მეგობრები არასოდეს მხვდებიან იმ ემოციით, ვაიმე, ამიკო ამას რას აკეთებო. პირიქით, გვერდში მიდგანან და წარმატებებს მისურვებენ.

– აჭარულ ხაჭაპურს სად მიირთმევთ ხოლმე?

– კაფეებსა და ბარებში გაკეთებული აჭარული ხაჭაპური, არ ვიცი, როგორია, არ მიჭამია არასდროს არც ბათუმში და არც თბილისში. ბებიაჩემის გაკეთებული აჭარული ხაჭაპური მენატრება.

– გართობა, ფლირტი, თავგადასავალი, საკურორტო რომანი – ეს ყველაფერი ზღვასთან ასოცირდება და როგორ განწყობაზე გაყენებთ?

– კი, ბატონო, ეს ყველაფერი ზღვის ასოციაციას იწვევს. თავის დროზე, როცა თავისუფალი ბიჭი ვიყავი, ვფლირტაობდი კიდეც და საკურორტო რომანიც მქონია, მაგრამ ამჟამად ასეთი რაღაცეები არ მიტაცებს.

– ესე იგი ახლა თავისუფალი აღარ ხართ, ანუ შეყვარებული გყავთ? ვინ არის, არ გვეტყვით?

– პირად თემაზე არ ვსაუბრობ, შეიძლება ცოლიც კი მყავდეს.

– საინტერესოა, არადა წინა ინტერვიუში ამბობდით, რომ არავინ იყო თქვენს ცხოვრებაში.

– წინაზეც და ახლაც არ მსურდა და არ მსურს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ეს ტაბუდადებული თემაა.

– თქვენი ნებაა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე გამორჩეული ზაფხული თქვენს ცხოვრებაში?

– ყველა ზაფხული გამორჩეულია, არ არსებობს, სხვაგან წავიდე და ბათუმში არ ჩავიარო. ყველა ზაფხული მრავალფეროვანია. გამორჩეული იყო ზაფხული თურქეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ისრაელში, რუსეთში, მაგრამ რაღაც მომენტში ბათუმში მირჩევნია.

– ალბათ კარგად ცურავთ.

– ცურვა 8 წლის ასაკში ვისწავლე. ღრმა წყლის არ მეშინია. ყველაფერს მირჩევნია, ვიცურაო და ზღვაში შორს გავიდე.

– გარუჯვაც გიყვართ?

– გარუჯვა ცოტა უაზროდ და უზომოდ ვიცი. შეიძლება ორჯერ ავტყავდე ათი დღის განმავლობაში.

– ეს პრობლემა რომ ავირიდოთ, არსებობს უამრავი დამცავი საშუალება.

– ჩემში არ ჯდება პლაჟზე ვიჯდე და კრემებს ვისვამდე. რომ ჩამოდიან თბილისიდან, იციან ლუდის დასხმა, ტანზე სუფრის გაშლა... (იცინის). ლუდით იწყებენ და მაწვნით ამთავრებენ. მეც არაერთხელ წამისვამს მაწონი ტანზე, ბევრჯერ ღამეც გამითენებია დამწვრობის გამო.

– პლაჟზე კრემებს არ ისვამთ, სხვას რას აკეთებთ?

– მთელი დღის განმავლობაში ზღვაზე ვართ, ან ჯოკერს ვთამაშობთ, ან საზამთროს გეახლებით და ვსაუბრობთ. თბილისში რომ ვბრუნდები, მაქსიმალურად მაქვს შესრუტული პლაჟის გამყიდველების ტექსტები და მერე მათ პაროდიას ვაკეთებ.

სექტემბრიდან, ახალი სატალევიზიო სეზონიდან, ჩვენს შოუში ბევრი სიახლე იქნება. თუ რა და როგორ – ამას ახალი სეზონიდან შეიტყობთ. მანამდე კი, სანამ სამკვირიანი შვებულება დამიმთავრდება, მინდა, ზაფხული მაქსიმალურად გამოვიყენო – ბევრი ვნახო, შთაბეჭდილება მივიღო, დავისვენო, გავერთო და ახალი ენერგიით შევუდგე მუშაობას.

– სამოგზაურო განწყობა როდის მოდის თქვენთან?

– ჩემოდნის ჩალაგება არ მიყვარს, ჩემოდნიდან ამოყრა მირჩევნია. გარდერობი საზაფხულოდ უკვე განვაახლე. საცურაო კოსტიუმი შარშანდელი მექნება. სხვა აქსესუარები, მაგალითად, სათვალე არ მაქვს, განა იმიტომ, რომ ყიდვა ვერ მოვასწარი, უბრალოდ, თქვენდა გასაოცრად, არანაირი სათვალე არ მიხდება. მაღაზიაში მილიონი სათვალე რომ მოვიზომო, ვერც ერთზე ვიტყვი, აი, ეს მიხდება და ამას ვიყიდი–მეთქი. უსათვალოდ მიჭირს მზეზე ყოფნა, მაგრამ რას ვიზამთ.

– გართობა, კლუბური ცხოვრება, ცეკვა, ალკოჰოლი...

– გართობა მიყვარს, ღამის ცხოვრებაც, კლუბებში სიარული, ცეკვაც თავისთავად მიყვარს და ამის არანაირი კომპლექსი და რიდი არ მაქვს. ალკოჰოლს რაც შეეხება, საერთოდ არ ვსვამ, გაგიკვირდებათ და, სასმელს არ ვეტანები.

– ოჯახი როგორ გხვდებათ, როცა მონატრებული შვილი სახლს უბრუნდება?

– წლიდან წლამდე ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, მშობლები, ბებია, ნათესავები. მათთან უიქენდზეც ვერ ვახერხებ ჩასვლას, რადგან ორი დღით ბათუმში წასვლა უაზრობაა. მოგეხსენებათ, ერთი დღე გზაში უნდა დავკარგო, ამიტომ მეც და ოჯახიც ზაფხულს ველოდებით. სიმართლე გითხრათ, ბათუმში ყოფნის დროსაც მშობლებს ვენატრები, შეიძლება დღე ისე გავიდეს, ცოტა ხნით შევიარო. დილით პლაჟზე მივდივარ, ვცურავ, მთელ დღეს იქ ვატარებ, ღამე კლუბებში ვარ, შუადღისას კი შეიძლება რომელიმე მეგობართან გამოვიძინო. ამიტომ ხშირად მსაყვედურობს ოჯახი.

– ოჯახს წევრებს მოსწონთ თქვენი პოპულარობა?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის მე ჩვეულებრივი ამიკო ვარ, შვილი და მეტი არაფერი. აი, ბებიას კი ხშირად უვარდება თვალებიდან ცრემლი ჩემი წარმატების გამო ან მაშინ, როცა ჩემთან ინტერვიუს კითხულობს.

– ესე იგი ბებიას "სარკე" ამჯერადაც აატირებს. გისურვებთ წარმატებებს და კარგ დასვენებას!

– დიდი მადლობა, ასევე თქვენც!

Thursday, August 26, 2010

„ჯუგლაძე“ შვილს არ აღიარებს პოეტესა ეკა ბაქრაძის სკანდალური აღიარება


„ჯუგლაძეს“, იგივე როლანდ ოქროპირიძეს, ორი წლის შვილი ჰყავს. გიორგი, დედის გვარს ატარებს, რადგან მამამ ის არ აღიარა. როლანდმა შვილი 2 თვის ნახა, ახალი წლის ღამეს დედამ მიუყვანა, თუმცა მსახიობი იმდენად გააღიზიანა შვილის ნახვამ, რომ გიორგის დედას ლამის ხელითაც კი შეეხო. პოეტესა ეკა ბაქრაძე ამბობს, რომ როლანდს მისი იმ ქალების სიაში შეყვანა სურდა, რომელთაც მუცელი მოაშლევინა, ასეთი კი „ჯუგლაძეს“ წარმოიდგინეთ და 5 ქალი ჰყოლია. ეკა ბაქრაძე როლანდ ოქროპირიძესთან ურთიერთობის დეტალებს „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ჰყვება.

ხაშურელი გოგოს და კახელი „ჯიშიანი“ ბიჭის ისტორია, ბრაზილიური საპნის ოპერის სცენარს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ მოქმედება საქართველოში ხდება და გმირებიც ქართველი ცნობადი სახეები არიან - დედა პოეტია, მამა კი მსახიობი. თუმცა ცნობილი „ჯუგლაძე“ ცხოვრებაში ისეთივე გულუბრყვილო სულაც არ ყოფილა, როგორც ტელეეკრანიდან ჩანდა.

ეს ისტორია ხუთი წლის წინ დაიწყო, ლამაზი ზღაპარივით, შემდეგ ფერად სიზმრებში გადაიზარდა, ბოლოს კი წყვილი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა და სიყვარულის ისტორიაც დასრულდა... თუმცა, დარჩა დიდი სიყვარულის ნაყოფი და პოეტესა ქალის ახდენილი ოცნება.

ეს ინფორმაცია ჩვენს ხელში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ამბის გადასამოწმებლად ხაშურში ჩავედით, თუმცა არც ვიცოდით მოქმედების მთავარი გმირი როგორ გვეპოვნა. ბევრი არც გვიძებნია, გაგვიმართლა, კეთილმა ბაბუამ ვიწრო ქუჩისკენ მიგვითითა და გვითხრა, აქვე, ბოლოში ცხოვრობსო. როცა ქუჩას დავადექით, პატარა ბავშვი და ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე, სხვათა შორის გავიხუმრე, იქნებ ეს არის როლანდის შვილი-მეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი გმირების ისტორიის მსგავსად, ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი განვითარდა და ქუჩაში შემთხვევით ნანახი ბავშვი, როლანდის შვილი აღმოჩნდა... ხოლო დედა კი, ცნობილი პოეტი ეკა ბაქრაძე. ეკას ლექსების წერა ოთხი წლის ასაკიდან დაუწყია, მას პირველი ლექსი დღემდე ახსოვს, თურმე როლანდისაც მიუძღვნა ლექსი, რომელსაც „შენ“ დაარქვა. ნათქვამია, როდესაც მთა არ მიდის წინასწარმეტყველთან, მაშინ წინასწარმეტყველი მიდის მთასთანო, ჰოდა ჩვენც მივედით მთასთან, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ჩვენი საუბარი დაიწყო.

- ეკა გიორგის ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ვის ჰგავს შენ თუ მამას?

- არა მე არ მგავს, ალი კვალი მამამისია, იცით, ვინ არის მისი მამა?

ხმას არ ვიღებ.

- გეტყვით, როლანდ ოქროპირიძეა.

აი, მთაც მოვიდა ჩვენამდე, თავისი ისტორიით, ყველაფერი კი ახლა იწყება, ეკამ გული გადაგვიშალა და თავისი სიყვარულის ისტორია დეტალებში მოგვიყვა. საუბარში რამდენიმე ცნობილი მსახიობი გოგოც ახსენა, რომლებსაც როლანდის ყოფილ ქალებად იხსენიებდა, თუმცა ჩვენ მათი სახელების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ და საუბრის გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

- ვიცი რომ გიორგი როლანდის შვილია, ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, როლანდის ინტერვიუ, ამბობს რომ იმ ქალს, რომელსაც შეიძლება მისგან შვილი ჰყავდეს, ბავშვი კი არა კაცი სჭირდება და ის, ამ ბავშვით სპეკულირებს.

ეკა ბაქრაძე:

- კაი რა, შვილი რომ არ მდომოდა მის სისულელეებს არ მოვითმენდი, ჩემს ლოგინში სხვასთან რომ გორაობდა ის ჩავყლაპე, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი მინდოდა, თორემ, როლანდი და მისი მოდგმა, საერთოდ არ მაინტერესებს.

- როლანდი ბავშვს არ კითხულობს?

- რა სისულელეა, არც უნახავს. ვიცი, რომ ნახვა უნდა, მაგრამ არ ვანახებ, რადგან ჩემთან ბევრ რამეში ჩაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე შვიდი წლით პატარაა, მაინც არ მეგონა თუ ასეთი პატარა აღმოჩნდებოდა. გასაზრდელს კი ახლაც ვზრდი და როლანდის გაზრდა ნამდვილად არ მინდა.

- შენ და როლანდი შეყვარებულები იყავით?

- კი, შეყვარებულები ვიყავით.

- როლანდს ბავშვი არასოდეს უნახავს?

- კი, ერთხელ ვანახე, ახალი წლის ღამეს, მაშინ გიორგი ორი თვის იყო... იმ ღამეს სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მას ერთი გემრიელად გავულაწუნე და შემდეგ მისი ნახვის არანაირი სურვილი არ მქონია.

- თვითონ არ დაურტყამს?

- შეეცადა, მაგრამ მერე გაჩერდა, მე ვუთხარი, მიდი ბოლომდე გამოამჟღავნე შენი კაცობა-მეთქი.

- ეკა მეუღლის გარეშე ბავშვის გაჩენა, ქართულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, არც ისე ადვილია, ოჯახისგან წინააღმდეგობა არ შეგხვედრია?

- არა. ერთადერთი ბაბუასი მერიდებოდა. სხვათა შორის ბაბუამ დღემდე არ იცის ვისი შვილია გიორგი. ერთხელ მკითხა და არ მითქვამს. ვუთხარი, რომ კარგი ჯიშიანი კაცისგან მყავდა, ბავშვს შეხედვისთანავე შეატყობ, ანუ პირდაპირ რომ გითხრათ, როგორც გავთვალე ყველაფერი ისე გამოვიდა. მე არ ვიყავი ოცი წლის გოგო, შვილი რომ მომეშორებინა, მინდოდა ბავშვი და გავაჩინე კიდეც, ოცდაათი წლის ასაკში, საკეისრო კვეთით.

- როლანდმა ბავშვს გვარი არ მისცა?

- არ მისცა და რომც დაიგლიჯოს კალთები არ მინდა. ზურა ყოფშიძე მთელი ცხოვრება დედის გვარზეა, მაგრამ მისთვის არავის წამოუძახებია.

- როცა როლანდმა შენი ორსულობის შესახებ გაიგი, რა გითხრა?

- მე არ ვარ მზად სერიუზული ურთიერთობისთვისო და ბავშვი მოიშორეო, მე ვუთხარი შენ პრობლემას არ შეგიქმნი ბავშვი ჩემთვის მინდა-მეთქი, მოკლედ, მთელი რიგი კამათების შემდეგ მოვატყუე, მოვიშორე-მეთქი. ამაზეა გამწარებული, სწორედ ეს ვერ მაპატია. შემომითვალა დიდი მსახიობი დაკარგა შენის სახით ქართულმა სცენამო (იცინის). იცით რაშია საქმე, ქალი არ უნდა მიიყვანო იმ ზომამდე, რომ მოგატყუოს, მით უმეტეს მე მისგან არაფერს ვითხოვდი. მას ის უნდოდა, რომ მეც იმ ხუთი ქალის სიაში მეექვსე ვყოფილიყავი, რომელსაც ბავშვი მოაშორებინა და გააუბედურა, რა ვიცი, რომელიმე მათგანმა შეიძლება გააჩინა კიდეც.

- არ მეგონა როლანდი ასეთი მექალთანე თუ იყო.

- ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ როლანდი არის კაცი, რომელსაც ყველა ქალის დაპყრობა სურს. რომ უთქვამს ჩემთან ყოფნა უნდოდაო, ეგეც არ მყავდეს რა კაზანოვა, ეგრე არ არის რა, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს.

- როლანდი სად გაიცანი?

- ასე ვთქვათ, ჩემი მსახიობი იყო, ახლა რომ დიდი ვინმე ჰგონია თავი, პირველი ხელფასი მე გადავუხადე. როლანდი იყო ჩემი დეიდაშვილის ქმრის მეგობარი. მთელი ორი წელი გოგოებისგან მესმოდა მასზე, ყველა როლანდიზე იყო შეყვარებული, მესმოდა მათი წუხილი, მე კი ვანუგეშებდი, თან ვიძახდი ვინ არის ეს როლანდი ასეთი გამაცანით-მეთქი...

- და თქვენც იგივე მახეში გაებით?

- გეთანხმები მეც გავები, რადგან, როდესაც როლანდი დავინახე, გავშეშდი. ნამდვილად არ მეგონა 28 წლის ასაკში ასეთი რამე თუ დამემართებოდა. როლანდის შეუძლია იამაყოს, მან რქები დამამტვრია.

- როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

- სანამ გავიცნობდი მანამდე ტელეფონით მისი ნამღერი მოვისმინე, მაშინ როლანდის ხმა „ერთის“ ხმას მივამსგავსე, რომელიც ჩემი წარსული იყო და... როცა გავიცანი უკვე აღვნიშნე, რაც დამემართა. მერე კი დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ ყოფილიყო ეს ბიჭი სულ ჩემს გვერდით, ისე რომ არავის არაფერი ეფიქრა და შევქმენი პოეზიის თეატრი, სადაც როლანდი დავასაქმე. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ლამაზი იყო, მე მას „პატარა უფლისწულს“ ვეძახდი, ის კი „მილედის“. ერთხელ, წვიმაში ვხეტიალობდით, ხიდთან შევჩერდით, მე შემცივდა, როლანდი ჩამეხუტა, მისი სახე იმდენად ახლოს იყო ჩემთან ვიფიქრე, ახლა რომ მაკოცოს, მტკვარში გადავხტები- მეთქი, რადგან იმდენად ვესათუთებოდი მასთან ურთიერთობას არ მინდოდა, ყველაფერი წყალს გაჰყოლოდა. თუმცა, ეს ურთიერთობა დროებით, ერთმა ცნობილმა მსახიობმა ქალმა დაანგრია, რომელიც ჩემს შექმნილ თეატრში მე თავად მოვიწვიე, როდესაც მოვიდა და ჩაუხტა როლანდის კალთაში... რვა თვე არ გადმოსულა და ამასობაში ოქროპირიძეს გადაავიწყდა ჩემი არსებობა... მე კი მის გამო არც მიბრძოლია და არც იმ გოგოსთვის მიტრიალებია თითი, სხვათა შორის, სწორედ ამ მსახიობ გოგოსთან მღალატობდა, ჩემსავე სახლში. იცით რა, ოქროპირიძე ჩემთან არ შემოსულა, ის მე შემოვუშვი ჩემამდე, ეს სამყარო მას მე შევუქმენი, დიდი აკვარიუმი ავუწყვე, რომელმაც მანამდე იარსება, სანამ საჭირო იყო, შემდეგ დავშალე ყველაფერი... ერთხელ, როლანდის ერთი ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, ეკა როგორი არისტიკრატულიც ცხოვრებაში იყო, ისეთივე არისტოკტარია საწოლშიცო და ეგეთი ქალი არ მჭირდებაო. ამაზე ბევრი ვიხალისე, მე რა, დავდგე და მოვყვე ახლა, როგორი იყო როლანდი საწოლში? სხვათა შორის ჩვენს შორის წელიწად ნახევარი არაფერი ხდებოდა, მოდიოდა, მიდიოდა, მიმღეროდა გიტარაზე და თავგზას მიბნევდა. ბოლოს კი მოხდა ისე, რომ... თუმცა ჩვენი ურთიერთობა თითზე ჩამოსათვლელი იყო, ისიც კი ვიცი, როდის ამყვა ბავშვი, ეს ხუთ იანვარს მოხდა.

და ეკას პოეზიაში გაჩნდა ახალი სტრიქონები...

„მეცა მყავს სახლში პატარა ბავშვი

აუხდენელი ოცნების მსგავსი“...

პატარა გიორგის ეკა ძალიან თბილად ზრდის და ამბობს, რომ შვილის გამო ბევრი რამე დათმო, თუმცა დედობის გრძნობა ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია მისთვის. გიორგი ჩემთვის ჯილდოც არის და სასჯელიც -თქვა ჩვენთან საუბარში ეკამ.

ეს ისტორია მარტო ეკას არ უკავშირდება, მეორე და მთავარი გმირი როლანდ ოქროპირიძეა, რომლისგანაც სრულიად განსხვსვებული პასუხი მივიღეთ.

- როლანდ გამარჯობა, „პრაიმტაიმიდან“ გირეკავთ, მაინტერესებს ეკა ბაქრაძეს თუ იცნობთ?

- არა, ასეთ ვიღაცას არ ვიცნობ.

- ვიცით რომ ეკასთან შვილი გყავთ, მან თავად გვითხრა.

- მე არა მყავს შვილი.

- ვიცი რომ ორი თვის ბავშვი ნახე.

- შენ ვინ ხარ?

- თეა ხომერიკი.

- თეა საყვარელო ამ საკითხზე არ ვსაუბრობ და ნურაფერს მკითხავ.

ამ სიტყვებით, როლანდმა ტელეფონი გათიშა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მას ისევ დავუკავშირდი.

- როლანდ, ისევ „პრაიმტაიმიდან“ გირეკავ, ჩვენ სურათი გვაქვს შენი და ეკასი და რატომ გვატყუებ, არ ვიცნობო?

- ხომ გითხარი ამ თემაზე არ ვსაუბრობ და რა გინდა შენ, საერთოდ ვერ გავიგე.

- მე არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ კითხვაზე მიპასუხო.

- არ ვსაუბრობ ამ თემაზე და მორჩა.

ტელეფონი ისევ გაითიშა. მსახიობმა შვილის არსებობა კიდევ ერთხელ უარყო, ისევე, როგორც ეკა ბაქრაძესთან ნაცნობობა. ფოტო, რომელსაც თქვენ ხედავთ, პოეტესა ქალის ალბომიდანაა, და ის ერთადერთი არაა, რომელსაც ბაქრაძე სახსოვრად ინახავს. შვილს უნახავს, რომ იცოდეს ვინ არის მისი მამა...

(primetime)

ბათუმი თამუნაზე და ვახოზე ალაპარაკდა


ორი თვის წინათ, ლუდსახარშ „მირზაანი“-ს გახსნაზე, „ღამის შოუ“-ს ბიჭები და „შუა ქალაქის“ მსახიობები შეგვხვდნენ. მაშინ ვახო ბიჭიკაშვილმა გვითხრა: „არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს, მასაც მოვწონვარ და ერთად ვართ. მეტი არაფერი. არც ცოლია, არც შეყვარებული...“ ამის მერე, ვახო „სერიალის მსახიობებს შეერია, თამუნა ნიკოლაძეს დიდხანს ელაპარაკა და წასვლის წინ გარეთაც გააცილა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი არ გამოგვეპარა და სურათიც გადავუღეთ....

ახლა ამბობენ „შუა ქალაქი“-ს ქეთევან ღლონტს და ვახო ბიჭიკაშვილს რომანი აქვთო. ამ თემაზე თბილისში უფრო აქტიურად ბათუმის „ჯაზ-ფესტივალის“ მერე დაიწყეს ჭორაობა. თითქოს წყვილი იქ ერთად იყო ჩასული და საკმაოდ საეჭვოდაც იქცეოდა. ხშირად განმარტოებით ისხდნენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობას არ მალავდნენ... ყველაზე მეტად ხალხს, მათი ასაკი მოხვდა თვალში, თამუნა ვახოზე 9 წლით უფროსია.

32 წლის თამუნა ნიკოლაძემ და 23 წლის ვახო ბიჭიკაშვილმა ერთმანეთი, დიდი ხნის წინათ, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. საერთო მეგობარიც ბევრი ჰყავთ და საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებიან. თუმცა, რომანს ორივე უარყოფს.

თამუნა ნიკოლაძე: „ძალიან მაინტერესებს ვინ გითხრათ ეს ამბავი? ჩამისაფრდნენ „ტიპები“? ჭორია და მეცინება. ვახო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. მართალია სხვადასხვა თაობას ვეკუთვნით, მაგრამ ერთმანეთს თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობთ. საერთო მეგობარიც ბევრი გვყავს.

– ბათუმში ერთად არ ყოფილხართ?

– ბათუმში ვიყავით, მაგრამ ვახოს გარდა კიდევ ბევრი ჩვენი მეგობარი იყო, მათ შორის ჩემი დაც. სხვა საეჭვო ვერავინ შენიშნეს? რაც ეკრანზე გამოვჩნდი ჩემზე ჭორი არ გამიგია. მერიდება, ეს ამბავი ვახომ რომ გაიგოს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. მე მეცინება და იმედი მაქვს ვახოსაც გაეცინება“.

– რატომ გავრცელდა თქვენზე ეს ჭორი, ნასვამები ხომ არ იყავით?

– როგორ მაინტერესებს ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. ნეტა საიდან მოიტანეს. ვახოს კი უყვარს დალევა და ხშირად ვქეიფობთ ხოლმე, მაგრამ მე საერთოდ არ ვსვამ. ისე ვახო ძალიან საყვარელია და ერთად ხშირად ვერთობით.

– ანუ შენს ცხოვრებაში სიახლე არ არის?

– თამუნა არავისზეა შეყვარებული. ისვენებს, ძალიან კარგად გრძნობს თავს და სექტემბერში ძალიან მაგარი ახალი როლისთვის ემზადება თეატრში. ალბათ, ჩემს შემოქმედებაზე მეტად, ჩემი პირადი ცხოვრება გაინტერესებთ, ამიტომ სიახლე თუ იქნება, არ დავმალავ. ვახო იქნება ეს, თუ პეტრე, ექსკლუზიურად თქვენ შეგატყობინებთ.



ვახო ბიჭიკაშვილი: „რა ხართ ეს „პრაიმტაიმი“? თბილისი ჭორების ქალაქია და ესეც მორიგი ჭორია. არაფერი ხდება ჩვენს შორის. ბათუმში მარტო არ ვყოფილვართ წასულები. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ხშირად ერთად გვიწევს ყოფნა. ისე სულ ცნობილ ხალხთან მაკავშირებენ. ხან ვისი „შეყვარებულობა“ დამაბრალეს და ხან ვისი“.