Friday, August 27, 2010
"ფლირტი და საკურორტო რომანები აღარ მიტაცებს"
შოუმენი ამიკო – ამირან ჩოხარაძე – აჭარელია, ბათუმი მისი მშობლიური ქალაქია. თბილისში, 3 წელია, რაც ცხოვრობს და ბათუმი მუდმივად ენატრება, იქაური ცხოვრების ხიბლზე გატაცებით საუბრობს. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ამიკო თავის ქალაქში არ ჩასულა. ამ ზაფხულს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულება დაგეგმა, ასევე – უცხოეთში დასვენება, მაგრამ ბათუმი მისთვის სულ სხვაა – ქალაქი, რომელშიც მისი ბავშვობაა დარჩენილი.
ამიკო: სამი წელია, რაც "კომედი გრუპში" ვარ, ამიტომ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ხშირად მაქვს მონატრება ჩემი ქალაქის, ოჯახის, ბათუმელი მეგობრების. მთელი წელი სულ ვმუშაობ და ზაფხულობით დასვენებას და ბათუმში ჩასვლას დიდი ამბით ველოდები. და დადგა დრო შვებულების, მინდა მთელი საქართველო მოვიარო, ვნახო კახეთი, სვანეთი, რაჭა... მინდა საქართველოს საზღვრებს გარეთაც წავიდე, თურქეთში, საბერძნეთში, თუმცა გეზს საით ავიღებ, ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცი.
– როგორ გხვდებათ ბათუმი, როცა ჩადიხართ?
– ბოლო ერთი წელია, ბათუმში არ ვყოფილვარ. მეგობრები ძალიან მონატრებულები არიან, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩასვლის დღიდან ვქეიფობთ, ვსვამთ, ვერთობით...
– აჭარელ მეგობრებს არ სწყინთ, როცა სკეტჩებში აჭარულ კილოზე ხუმრობთ?
– აჭარელი მეგობრები არასოდეს მხვდებიან იმ ემოციით, ვაიმე, ამიკო ამას რას აკეთებო. პირიქით, გვერდში მიდგანან და წარმატებებს მისურვებენ.
– აჭარულ ხაჭაპურს სად მიირთმევთ ხოლმე?
– კაფეებსა და ბარებში გაკეთებული აჭარული ხაჭაპური, არ ვიცი, როგორია, არ მიჭამია არასდროს არც ბათუმში და არც თბილისში. ბებიაჩემის გაკეთებული აჭარული ხაჭაპური მენატრება.
– გართობა, ფლირტი, თავგადასავალი, საკურორტო რომანი – ეს ყველაფერი ზღვასთან ასოცირდება და როგორ განწყობაზე გაყენებთ?
– კი, ბატონო, ეს ყველაფერი ზღვის ასოციაციას იწვევს. თავის დროზე, როცა თავისუფალი ბიჭი ვიყავი, ვფლირტაობდი კიდეც და საკურორტო რომანიც მქონია, მაგრამ ამჟამად ასეთი რაღაცეები არ მიტაცებს.
– ესე იგი ახლა თავისუფალი აღარ ხართ, ანუ შეყვარებული გყავთ? ვინ არის, არ გვეტყვით?
– პირად თემაზე არ ვსაუბრობ, შეიძლება ცოლიც კი მყავდეს.
– საინტერესოა, არადა წინა ინტერვიუში ამბობდით, რომ არავინ იყო თქვენს ცხოვრებაში.
– წინაზეც და ახლაც არ მსურდა და არ მსურს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ეს ტაბუდადებული თემაა.
– თქვენი ნებაა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე გამორჩეული ზაფხული თქვენს ცხოვრებაში?
– ყველა ზაფხული გამორჩეულია, არ არსებობს, სხვაგან წავიდე და ბათუმში არ ჩავიარო. ყველა ზაფხული მრავალფეროვანია. გამორჩეული იყო ზაფხული თურქეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ისრაელში, რუსეთში, მაგრამ რაღაც მომენტში ბათუმში მირჩევნია.
– ალბათ კარგად ცურავთ.
– ცურვა 8 წლის ასაკში ვისწავლე. ღრმა წყლის არ მეშინია. ყველაფერს მირჩევნია, ვიცურაო და ზღვაში შორს გავიდე.
– გარუჯვაც გიყვართ?
– გარუჯვა ცოტა უაზროდ და უზომოდ ვიცი. შეიძლება ორჯერ ავტყავდე ათი დღის განმავლობაში.
– ეს პრობლემა რომ ავირიდოთ, არსებობს უამრავი დამცავი საშუალება.
– ჩემში არ ჯდება პლაჟზე ვიჯდე და კრემებს ვისვამდე. რომ ჩამოდიან თბილისიდან, იციან ლუდის დასხმა, ტანზე სუფრის გაშლა... (იცინის). ლუდით იწყებენ და მაწვნით ამთავრებენ. მეც არაერთხელ წამისვამს მაწონი ტანზე, ბევრჯერ ღამეც გამითენებია დამწვრობის გამო.
– პლაჟზე კრემებს არ ისვამთ, სხვას რას აკეთებთ?
– მთელი დღის განმავლობაში ზღვაზე ვართ, ან ჯოკერს ვთამაშობთ, ან საზამთროს გეახლებით და ვსაუბრობთ. თბილისში რომ ვბრუნდები, მაქსიმალურად მაქვს შესრუტული პლაჟის გამყიდველების ტექსტები და მერე მათ პაროდიას ვაკეთებ.
სექტემბრიდან, ახალი სატალევიზიო სეზონიდან, ჩვენს შოუში ბევრი სიახლე იქნება. თუ რა და როგორ – ამას ახალი სეზონიდან შეიტყობთ. მანამდე კი, სანამ სამკვირიანი შვებულება დამიმთავრდება, მინდა, ზაფხული მაქსიმალურად გამოვიყენო – ბევრი ვნახო, შთაბეჭდილება მივიღო, დავისვენო, გავერთო და ახალი ენერგიით შევუდგე მუშაობას.
– სამოგზაურო განწყობა როდის მოდის თქვენთან?
– ჩემოდნის ჩალაგება არ მიყვარს, ჩემოდნიდან ამოყრა მირჩევნია. გარდერობი საზაფხულოდ უკვე განვაახლე. საცურაო კოსტიუმი შარშანდელი მექნება. სხვა აქსესუარები, მაგალითად, სათვალე არ მაქვს, განა იმიტომ, რომ ყიდვა ვერ მოვასწარი, უბრალოდ, თქვენდა გასაოცრად, არანაირი სათვალე არ მიხდება. მაღაზიაში მილიონი სათვალე რომ მოვიზომო, ვერც ერთზე ვიტყვი, აი, ეს მიხდება და ამას ვიყიდი–მეთქი. უსათვალოდ მიჭირს მზეზე ყოფნა, მაგრამ რას ვიზამთ.
– გართობა, კლუბური ცხოვრება, ცეკვა, ალკოჰოლი...
– გართობა მიყვარს, ღამის ცხოვრებაც, კლუბებში სიარული, ცეკვაც თავისთავად მიყვარს და ამის არანაირი კომპლექსი და რიდი არ მაქვს. ალკოჰოლს რაც შეეხება, საერთოდ არ ვსვამ, გაგიკვირდებათ და, სასმელს არ ვეტანები.
– ოჯახი როგორ გხვდებათ, როცა მონატრებული შვილი სახლს უბრუნდება?
– წლიდან წლამდე ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, მშობლები, ბებია, ნათესავები. მათთან უიქენდზეც ვერ ვახერხებ ჩასვლას, რადგან ორი დღით ბათუმში წასვლა უაზრობაა. მოგეხსენებათ, ერთი დღე გზაში უნდა დავკარგო, ამიტომ მეც და ოჯახიც ზაფხულს ველოდებით. სიმართლე გითხრათ, ბათუმში ყოფნის დროსაც მშობლებს ვენატრები, შეიძლება დღე ისე გავიდეს, ცოტა ხნით შევიარო. დილით პლაჟზე მივდივარ, ვცურავ, მთელ დღეს იქ ვატარებ, ღამე კლუბებში ვარ, შუადღისას კი შეიძლება რომელიმე მეგობართან გამოვიძინო. ამიტომ ხშირად მსაყვედურობს ოჯახი.
– ოჯახს წევრებს მოსწონთ თქვენი პოპულარობა?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის მე ჩვეულებრივი ამიკო ვარ, შვილი და მეტი არაფერი. აი, ბებიას კი ხშირად უვარდება თვალებიდან ცრემლი ჩემი წარმატების გამო ან მაშინ, როცა ჩემთან ინტერვიუს კითხულობს.
– ესე იგი ბებიას "სარკე" ამჯერადაც აატირებს. გისურვებთ წარმატებებს და კარგ დასვენებას!
– დიდი მადლობა, ასევე თქვენც!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment