Thursday, August 26, 2010

ანი სირაძეს "ვანიას" კლიპზე გული სწყდება


მომღერალმა ანი სირაძემ ზაფხული ზღვის სანაპიროზე გაატარა. "გუმბათთან" მან დასვენებაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

– ანი, საერთოდ, ზღვაზე დასვენებისას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გარუჯვაა. თქვენ თუ გაირუჯეთ უკვე?

– საერთოდ, "ზაგარი" მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან თეთრი ვარ, მზეზე როგორც კი გავალ, მაშინვე ვიწვები, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შავი ვარ, თუმცა, ჩემი სითეთრის კვალობაზე, მაინც ნორმალურად ვირუჯები.

– როგორი სტილის სამოსი ჭარბობს თქვენს საზაფხულო ჩემოდანში?

– ძირითადად, უფრო თეთრი ფერის სამოსი მაქვს თან წამოღებული, მაგრამ ხომ იცით, სადმე რომ მიდიხარ, უამრავი სამოსი მიგაქვს, ბოლოს კი თითქმის ყველაფერი ჩაუცმელი რჩება. ორი ჩემოდანი სამოსი წამოვიღე, მგონი, რაც მქონდა სახლში, აბსოლუტურად ყველაფერი წამოვიღე, მაგრამ აქედან ბევრი დღემდე ჯერ კიდევ არ ჩამიცვამს.

– ანი, ექსტრემალური სპორტი რამდენად გიზიდავთ ზღვაზე?

– ზღვაზე გასართობი საშუალებები აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან მეშინია იგივე თუნდაც პარაშუტის, წყლის თხილამურების, ამიტომ ამ სიამოვნებისთვის ვერ ვრისკავ.

– ცურვა რამდენად კარგად იცით?

– სამწუხაროდ, საერთოდ არ ვიცი. კი, დავდიოდი ცურვაზე, მაგრამ, ასე ვთქვათ, ვერ "დავამუღამე" და გამოვედი.

– ზღვაზე მაშველების დახმარება დაგჭირვებიათ?

– საბედნიეროდ, არა. მით უმეტეს, დედაჩემი არ მიშვებს, რომ ზღვაში ღრმად შევიდე. ამიტომ მათი დახმარების ქვეშ მყოფი ობიექტი არასოდეს გავმხდარვარ.

– გაიხსენეთ ის დასვენება, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

– ორი წლის წინ შეკვეთილში, სასტუმრო "მირაჟში" ვისვენებდი, სადაც მართლაც არაჩვეულებრივად დავისვენე, ამიტომ სწორედ იმ დასვენებას გამოვყოფ, თუმცა, წლევანდელი ზაფხულიც არანაკლებ დასამახსოვრებელია ჩემთვის.

– ანი, დასვენების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?

– 20 აგვისტოდან გვეწყება ტურნეები კახეთისკენ. როგორც ვიცი, თელავში იხსნება ახალი აკვა–პარკი, სადაც მიწვეული ვარ კონცერტზე. გარდა ამისა, აგვისტოს ბოლოდან დავიწყებ ახალ სიმღერებზე მუშაობას, რათა განვაახლო რეპერტუარი. ასევე ვგეგმავ ძალიან სერიოზული კლიპის გადაღებას, თან არ მინდა, რომ ძალიან გავწელო "ვანიას" კლიპის ამბავი. ახალ კლიპში, ვფიქრობთ, რომ იქნება ცოცხალი ორკესტრი და აქცენტი გაკეთდება მთლიანად ჩემს ვოკალზე და არა რაიმე შოუზე და სკანდალურ კლიპზე. "ვანიას" კლიპზე სულ გული მწყდება იმის გამო, რომ ვერ გამოვაჩინე ჩემი ვოკალი, მაგრამ ამ კლიპით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული იყო.

No comments:

Post a Comment