Thursday, August 26, 2010

რატი დურგლიშვილმა ხატვა დაიწყო


მომღერალი რატი დურგლიშვილი, დაგეგმილი კონცერტების გამო, ცხელ ზაფხულს თბილისში ატარებს. დუეტი "ჯორჯია" ამჟამად სამ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელთაგან ერთ–ერთი რატის დაწერილია. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საკუთარი სიმღერების აფიშირების ეშინია ხოლმე, ერთი უარყოფითი შეფასებაც რომ მიიღოს, ძალიან დაითრგუნება. გარდა იმისა, რომ რატი შესანიშნავად მღერის, თურმე ასევე კარგად ხატავს და უფრო მეტიც, სამხატვრო აკადემიის დიპლომი აქვს. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.


– რატი, რა სიახლეებია თქვენს კარიერაში?

– სიახლეები არის. ორი–სამი სიმღერის ჩაწერას ვაპირებთ. ერთი სიმღერა მაია კაჭკაჭიშვილმა მომასმენინა, ცოტა სევდიანია და მომეწონა. მეორე არის ჩემი სიმღერა, რომელსაც ტექსტი ჯერ არ ადევს და დასამუშავებელია. მესამე არის ბატონი რომა რცხილაძის სიმღერა "ვარსკვლავები". ეს სიმღერა მთელ ჩემს ბავშვობას მაგონებს და მე და მაკას ძალიან გვიყვარს. ამ სამი სიმღერით ალბომს შევავსებთ.

– ამ სიმღერებზე ვიდეორგოლის გადაღებასაც გეგმავთ?

– კი, ამისი სურვილი გვაქვს. ორი ვიდეოკლიპი გვინდა. სექტემბრისთვის ერთს მაინც გადავიღებთ. წინასწარ რაც ვთქვი, სამწუხაროდ, ვერ გამოვიდა, ამიტომ სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს ვიკავებ ხოლმე.

– რომელიმე კონცერტზე გამოსვლა თუ გაქვთ დაგეგმილი?

– დასასვენებლად სწორედ ამიტომ ვერ მივდივარ, რომ აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბერში ბევრი კონცერტი და შეხვედრებია დაგეგმილი.

– რატი, რა ასაკიდან ხართ დამოუკიდებელი?

– მშობლებთან ერთად ცხოვრება ყველაფერს მირჩევნია და მათ გარეშე ვერ გავძლებ. უბრალოდ, შემოსავლის მხრივ დამოუკიდებელი ვარ. პირველი ხელფასი რომ ავიღე, მეექვსე კლასში ვიყავი. ჩემი ფეხზე დაყენება 100%–ით მამას დამსახურებაა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამა ჩემზე ამბობდა, არ გავათამამოთ, იშრომოსო. მართალია, ყოველთვის ხელისგულზე მატარებდა, მაგრამ მაინც შრომას მაჩვევდა. ბავშვობიდან მის ანსამბლში ვმღეროდი და ყოველი კონცერტის მერე ყველა ბავშვს ხუთ მანეთს გვაძლევდა. ასე რომ, ჩემი ფული მქონდა, რომლითაც ნაყინისა და ბევრი რამის ყიდვა შემეძლო. სხვათა შორის, მამას მოსწავლეების 80% დღეს, თავიანთი შრომის წყალობით, ძალიან წარმატებულები არიან. გამოდის, რომ მამა მარტო საკუთარ შვილზე კი არ ზრუნავდა, არამედ სხვის შვილებზეც და ისინიც ძალიან უყვარდა. შემდეგ მამამ მთელი თავისი ბიუჯეტით ხმის ჩამწერი სტუდია გამიკეთა. ასე ვთქვათ, თვითონ ყველაფერი მოიკლო. ჩვიდმეტი წლიდან სტუდიაში მუშაობა დავიწყე და ჩემი შემოსავალიც შედარებით გაიზარდა. დღემდე ასე წვალებ–წვალებით მოვდივარ, თუმცა ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. საკუთარი შრომით ფულს რომ შოულობ, ბევრი რაღაცის ფასი იცი. მე ბევრ ადამიანს მინდა ვურჩიო, რომ გული არ გაიტეხონ, რადგან "პოდნოსით" მოტანილს, ყოველთვის ჯობია, შენით გააკეთო. მთავარია, გული არ გაიტეხო და, უფლის წყალობით, რაღაც აუცილებლად გამოჩნდება. ღმერთი ადამიანს შრომასა და წვალებას უფასებს.

– თქვენს პიროვნულ ჩამოყალიბებაში მამათქვენმა ალბათ დიდი როლი ითამაშა.

– სამწუხაროდ, მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ მქონია, იმიტომ, რომ ის სულ მუშაობდა. სკოლაში წასვლის წინ ვხედავდი, სახლში გვიან ბრუნდებოდა. თუმცა მამას როლი ჩემს ჩამოყალიბებაში იგრძნობა. როგორც ყველა მეუბნება, მამას ძალიან ვგავარ, ეს ჩემთვის საამაყოა. ის ჩემთვის უდიდესი ხელოვანი და პიროვნებაა. მას თუ ცოტათი მაინც დავემსგავსე, ეს ჩემთვის სასიხარულო იქნება.

– მამასთვის მიგიბაძავთ?

– მთელი ბავშვობა მამას ვბაძავდი, მაგრამ მერე უკვე ჩემი სტილი ჩამოვიყალიბე. თავიდან ყველაფერი მამას საფუძველზე მოხდა. მისმა შემხედვარემ ყველაფერი ვისწავლე. ჩემს სტილზე რომ გადავედი, ეს მამას აღარ მოსწონდა. ადრე სულ მის სიმღერებს ვმღეროდი და მერე ევროპულ სტილზე რომ გადავერთვე, მაკრიტიკებდა. შენი ქართული, ნაციონალური მუსიკა უნდა გიყვარდესო. მამას ქართული ყველაფერი უყვარს. საზღვარგარეთულ პროდუქტს არ ყიდულობს. მის მსგავსად, მეც პატრიოტი ვარ და უცხოური სიმღერების მოსმენა იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ესტრადა არ მიყვარს. ჩემი აზრით, ჩვენ მართლაც უდიდესი კომპოზიტორები გვყავდა და გვყავს და მათი დავიწყება არაფრით შეიძლება.

– სხვა პროფესიაზე არ გიფიქრიათ?

– კი, როგორ არა. დედას ძალიან უნდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი. ბავშვობიდანვე მშობლები მე და ჩემს ძმას ძალიან გვაკვირდებოდნენ, თუ რისი ნიჭი გვქონდა. სხვადასხვა წრეებზეც გვატარებდნენ. დედა მხატვრობაში ხელს მიწყობდა. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. თავიდან საკმაოდ წარმატებულად მივდიოდი, თუმცა ბოლოს გაჭირვებით დავამთავრე. ლექტორები აღნიშნავდნენ, შენს ნიჭს პატივს რომ არ ვცემდეთ, არ დაგამთავრებინებდითო. მუსიკა და ხატვა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ორივეს პატივს ვცემ. ორივე ერთნაირად მიყვარს.

– თავისუფალი დრო როდესაც გაქვთ, ხატავთ?

– ახლა დავიწყე, რადგან ამ ბოლო დროს მულტიპლიკაციებით დავინტერესდი. ასე ვთქვათ, ფანქარს მივუბრუნდი და რა გამოვა, არ ვიცი. მინდა ვხატავდე, რადგანაც ხატვის დროს იმავე სიამოვნებას განვიცდი, როგორსაც სიმღერის დროს.

– რატი, ვიცი, რომ სიმღერებს თავადაც წერთ. თუ შეგისრულებიათ თქვენი დაწერილი სიმღერა?

– კი, შემისრულებია. "იურმალაზე" მესამე დღის სიმღერა რომ ვიმღერეთ, ის ჩემი იყო, ინგლისური ტექსტით. საერთოდ, სიმღერებს ჩემთვის ვწერ ხოლმე. ვინმემ ცუდად რომ შემიფასოს, ძალიან დავითრგუნები და შეიძლება ყველაფერზე ხელი ავიღო. მაკა და ჩვენი პროდიუსერი მაია ყიფიანი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ ამ სიმღერას "იურმალაზე" არ გავიტანდი. მათ ძალიან მოეწონათ და ამიტომ დავთანხმდი მის გაგზავნაზე. სხვათა შორის, ჩემდა საბედნიეროდ, ამ სიმღერამ იქ დიდი მოწონება დაიმსახურა და შეკვეთებიც მივიღე.

– მამისგან პროფესიულ რჩევებს თუ იღებთ?

– მის აზრებს ყოველთვის ვითვალისწინებ, თუმცა, ამაში მამა ნაკლებად ერევა. ხშირ შემთხვევაში, ვკამათობთ, მაგრამ ჭეშმარიტებაც სწორედ ამ დროს ჩნდება. ძირითადად, მამას ასეთ კითხვებს ვუსვამ, მაგალითად, მოდულაციაზე როგორ ავიდე, ხმები როგორ გავშალო და ასე შემდეგ. ალბათ მამას არ უნდა, გული მატკინოს და ყველაფერს მიწონებს.

– რატი, თქვენი ხასიათიდან დადებითსა და უარყოფითს რას გამოარჩევთ?

– ჩემი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ძალიან ფიცხი ვარ. ამის გამოსწორება მინდა, მაგრამ ჰოროსკოპით ვერძი ვარ, წლით – ძაღლი. მამაც ფიცხია. უცებ შემიძლია რაღაცაზე გაბრაზდე, მაგრამ არავის არაფერი ვავნო. მალევე ვწყნარდები და მერე ვნანობ ხოლმე, შემეძლო თავი შემეკავებინა. სხვათა შორის, ერთგვარი დაკვირვება გავაკეთე და აღმოვაჩინე, რომ ჩემნაირი ხმაურიანი და ფიცხი ადამიანი ვერ გავნებს ისე, როგორც წყნარი, ჩუმჩუმელა ადამიანი. მათთან ურთიერთობა საკმაოდ დასაფიქრებელია. ასე რომ, ჯერ არავისთვის არაფერი მივნია და არც ვაპირებ. ჭორაობა არ მიყვარს, პირდაპირ თქმა შემიძლია. დადებით თვისებად იმას მივიჩნევ, რომ ბევრი ადამიანი მიყვარს. ჩემი თავის მიკვირს ხოლმე, იმხელა სიყვარული შემიძლია. ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ. გარეთ რომ გავდივარ, ყველა ადამიანს ვაკვირდები, ყველას ცხოვრება მაინტერესებს, თავს კარგად გრძნობს თუ არა, ანუ ცნობისმოყვარეც ვარ. ადამიანი თუ ბედნიერია, ამით მეც ბედნიერი ვარ. მოწყენილი ხალხის დანახვაზე, მეც ვიწყენ და ის უარყოფითი ემოცია ჩემზეც გადმოდის. ცხოვრებაში სიყვარულზე წინ არც კარიერა და არაფერი დგას.

– მავნე ჩვევები გაქვთ?

– სიგარეტს ვეწევი. მეტს ცუდს არაფერს ვაკეთებ. პრინციპში გააჩნია, ცუდი ვის როგორ ესმის. ზოგისთვის ყავის დალევაც ცუდია. ბევრი საფიქრალია და, ყურადღება სიგარეტზე გადამაქვს, ამიტომ თავს ვერ ვანებებ.

– ალკოჰოლურ სასმელებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ვსვამ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ჩემთვის საყვარელი ადამიანები მყავს. აგრეთვე მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა სიტუაციაა. თუ რესტორანში ან სადმე სუფრასთან ვინმე არ მომეწონა, მაშინ არ ვსვამ. ასეთი რამ იშვიათია და ყოველთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში ვარ. უმიზეზოდ დალევა არ მახასიათებს. კლუბში ვსვამ, თუ გართობა მინდა. თუმცა, პრობლემას ესეც არ წარმოადგენს, შემიძლია წვეთი არ დავლიო და მაინც მშვენივრად გავერთო. ხალხს ეს ძალიან უკვირს. ბუნებით მხიარული ვარ და დავლევ თუ არა, მაგას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თანაც ნასვამს შეიძლება რაღაც შეგეშალოს, ენა დაგებას, ამიტომ ფხიზლად ყოფნა სჯობს.

– ადამიანს რა კრიტერიუმებით აფასებთ?

– პირველ რიგში, ბუნებრივი და კეთილი უნდა იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როდესაც ადამიანი სხვას ეხმარება. ფული თუ გაქვს, შენთვის არ უნდა გქონდეს და სხვებსაც უნდა მოუმართო ხელი. აგრეთვე არ მაინტერესებს ისეთი პიროვნება, რომელსაც მხოლოდ თავისი ოჯახი უყვარს. ადამიანს სპეციალურად შექმნილი იმიჯი არ უნდა ჰქონდეს. ამის დანახვა მარტივია. თვალებით მიხვდები, ბუნებრივია თუ არა. ასევე მთრგუნავს ისეთი ხალხი, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.

– უცხო ადამიანი თქვენს ნდობას ადვილად იმსახურებს?

– ადამიანებს ყოველთვის ვენდობი, მაგრამ მათ ისეთ რამეს ვერ ვანდობ, რითიც შეიძლება ზიანი მომაყენონ. რამდენიმე ძალიან საყვარელი მეგობარი მყავს, ვისაც მთელ ჩემს ცხოვრებას ვანდობ. მათ ჩემ შესახებ მართლა ყველაფერი იციან. თუმცა ამავდროულად, ისეთი რამეებიც არის, რაც არავისთვის მომიყოლია. შესაძლოა, ეს დიდი არაფერია, მაგრამ მაინც ვმალავ და საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი. ვთვლი, რომ ისე არ ვცხოვრობ, რაიმე სერიოზული მისანდობი მქონდეს. ღიად ვცხოვრობ და დასამალი არ მაქვს, რას ვაკეთებ ან სად დავდივარ. გულისტკენა ჯერ არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ არ დამიმსახურებია.

– ადამიანში შემცდარხართ?

– მართალია, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ უტვინო ვარ, თუმცა ყველა ჩემს ახლობელს კარგად ვიცნობ, მათი დადებითი და უარყოფითიც ვიცი. მე სხვისი პრობლემის გაზიარება შემიძლია, მაგრამ ამას დიდხანს ვერ მოვისმენ. ხშირად ხალხს ერთმანეთის ოჯახური პრობლემების მოსმენა უნდა, ჩემთვის კი ეს უინტერესოა. ამიტომაც ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას ვარჩევ, რომლებსაც მუსიკასა და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრები, ვიდრე პირადულ პრობლემებზე.

– მეგობარი დაგიკარგავთ?

– არასდროს. მეგობრებს ყოველთვის ვუფრთხილდები. ოთხი–ხუთი მეგობარი, ვინც ბავშობიდან მოვდივართ, ერთმანეთთან დავნათესავდით, მათი შვილები მოვნათლე და დღემდე ერთად ვართ. უმეტესობა მეგობრებისა ბავშვობიდან მომყვებიან, მაგრამ შეძენილებიც მყავს. მათი ერთმანეთისგან გამორჩევა არ მიყვარს, თუმცა ბავშვობის მეგობარი ალბათ სულ სხვაა.

– მეგობრებისთვის როგორი ხართ?

– არ ვიცი. ფაქტია, რომ მათ ისევე ვუყვარვარ, როგორც მე. მეგობარი თუ არ გიყვარს, მასთან წლების განმავლობაში ვერ იმეგობრებ. ჩვენ ერთმანეთის აგარაკებზე თვეობით დავდივართ და ოდნავი შეკამათებაც არ მოგვსვლია.

– მეგობრებთან ერთად, ძირითადად, სად ერთობით ხოლმე?

– კლუბებში სიარული გვიყვარს და ხშირად დავდივართ. მე ბორჯომის ხეობა მიყვარს, ჩემს მეგობრებს – ზღვა. ერთნაირი გემოვნება არ გვაქვს და როდესაც ისინი ზღვაზე მიდიან, მარტო ვრჩები, რადგან მე ტყეში, ბუნებაში დასვენება მირჩევნია.

No comments:

Post a Comment