Wednesday, August 25, 2010
"ოცნების ქალაქის" რეჟისორს ახალი ფილმის გადაღებები ჩაეშალა
დათო იმედაშვილის ფილმი პირველად ჩვენს ჟურნალში დაანონსდა, სოფო ნიჟარაძემ გვითხრა ინტერვიუში, რომ "ოცნების ქალაქის" რეჟისორი ახალ ფილმში "ზღვა, სიყვარული" მის მთავარ როლში დაკავებას გეგმავდა. ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილსა და ანასტასია თოფურიძეს კი დედინაცვლისა და მისი დების როლი უნდა შეესრულებინათ.
ფილმის წინა მოსამზადებელი პერიოდი ჩატარდა და გადამღებმა ჯგუფმა ბათუმში გადაინაცვლა, ორი ეპიზოდი გადაიღეს კიდეც, თუმცა შემდეგ ფილმის გადაღებები შეჩერდა. როგორც თქვენმა ბუკლიკომ გაიგო, "ზღვა, სიყვარული" ხელისუფლების დაკვეთით მზადდებოდა და რადგან მის დიდ ნაწილს ბათუმში იღებდნენ, მას პიარდატვირთვა უნდა ჰქონოდა, ამიტომ შესაბამისი თანხაც უნდა გამოეყოთ.
გავიგე, რომ რეჟისორმა ორი მილიონი დოლარი მოითხოვა, რაც ხელისუფლებას ეძვირა და ამიტომაც შუა გზაში დაფინანსებაზე უარი თქვა, არადა, დათოს უკვე დაწყებული ჰქონდა გადაღებები. ამბობენ, რომ ეს რეჟისორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სასწრაფოდ დათო იმედაშვილს დავურეკე ამბის გადასამოწმებლად, რაც ნაწილობრივ დამიდასტურა კიდეც.
დათო იმედაშვილი:
- მართალია, ფილის გადაღებები ჩაიშალა.
- ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან დიდი თანხა მოითხოვეთ, ორი მილიონი დოლარის ოდენობით...
- არ არის სწორი. ამხელა თანხა ამ ფილმის გადაღებას არ სჭირდება და არც მომითხოვია, თან, მით უმეტეს, ხელისუფლებისგან. ფილმი კერძო ინვესტორებს უნდა დაეფინანსებინათ, თუმცა მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ. თანხმობა მივიღეთ, დავიწყეთ ფილმი, თუმცა საქართველოა და ასეთი რამ გამორიცხული არ არის, დაფინანსება აღარ წამოვიდა. პამელა ანდერსონთან კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, ფილმში უნდა მიეღო მონაწილეობა.
- ეს ცნობილი ამბავია და კონტრაქტის თანახმად, რადგან გადაღებები აღარ შედგება, რაიმე ჯარიმა ხომ არ დაგეკისრებათ?
- როცა მის აგენტთან დავიწყე მოლაპარაკება, გარკვეული თანხა დავდე დეპოზიტზე, ასე ხდება და თუკი რაიმე გაუგებრობა მოხდა, ის თანხა მსახიობის ანგარიშზე რჩება. ასე რომ, ის ფული დავკარგე.
- ახლა როგორი განწყობა გაქვთ?
- ამხელა ჯგუფი ვამუშავე და ფილმი დაწყებული იყო, რომ გითხრათ, გამიხარდა ეს ამბავი-მეთქი, მოგატყუებთ. როგორც ჩანს, ქართული ბიზნესი ასეთ დიდ პროექტებს ვერ სწვდება, ამიტომ უკვე მოფიქრებული მაქვს სხვა პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ნაკლები თანხა დასჭირდება და სწორედ ამ ახალ პროექტებზე გადავერთვები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment