Wednesday, August 25, 2010

ნიკა წულუკიძეს სალომე არშბა ყველაფერს ავიწყებს


ქართველებს ერთადერთი ახალგაზრდა მეიგავე ნიკა წულუკიძე გვყავს, რომელსაც ჯერჯერობით საკუთარი ოჯახი არ აქვს. შეიძლება ძველმოდურად გამომივიდეს, მაგრამ დღეს მისნაირი ბიჭები "სანთლით საძებარია", აქედან გამომდინარე, სასურველია ნიკას მეორე ნახევარიც მისნაირად ჭკვიანი, განათლებული, წარმატებული და არაჩვეულებრივი პიროვნება იყოს. მართალია, თეატრმცოდნე და მეიგავე ჯერ შეყვარებული არ არის, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან ქალების თემაზე გვესაუბრა და გაგვეგო, როგორი მანდილოსნები იპყრობენ მის ყურადღებას, როგორც ყველაფერში, ნიკა ამ საკითხშიც მაქსიმალისტი აღმოჩნდა.

- რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ქალებს?
- საქართველოში, ტრადიციების მიმდევარ ოჯახში ქალის შეფასების კრიტერიუმები რომ არ გივარგოდეს, რეგვენი უნდა იყო. როდესაც ბავშვობაში უყურებ მედეა ჯაფარიძეს "ქეთო და კოტეში", დოდო ჭიჭინაძეს, ლია ელიავას, რასაკვირველია, ლამაზი ქალის აღქმის უნარი გიყალიბდება. დღემდე ლიანა ასათიანთან სტუმრობისას, სულ ვფიქრობ, ამ ასაკშიც კი როგორი ლამაზია, თვალები ნამდვილი თავადიშვილის აქვს. გარდა ამისა, თუ შენ ირგვლივ ოჯახსა თუ სამეგობროშიც არიან ლამაზი ქალები, ვალდებული ხარ თაყვანი სცე ამ სილამაზეს (იღიმება). თამარ წულუკიძე, სანდრო ახმეტელის მეუღლე ისეთი სილამაზის პატრონი იყო, მის დანახვაზე ხალხი შეშდებოდა, მეგი წულუკიძე, სიკო დოლიძის მეუღლე ისეთი შესანიშნავია ფილმებში, რომ პირდაღებულები უცქერდნენ. დალი წულუკიძე, მამიდაჩემი, ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელიც ბილბორდზე იყო გამოსახული. ასევე შემიძლია გადავიდე მეგობრებზე, ავიღოთ თუნდაც ნინი ბადურაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, სალომე არშბა - არაჩვეულებრივი სილამაზისანი არიან.

"იმედში" რომ ვიღლებოდი, ხუთი წუთით სალომე არშბას შევხედავდი ხოლმე და იმ წუთში ყველაფერი მავიწყდებოდა, რელაქსაციის საშუალება იყო. მე სამივეს სილამაზის თაყვანისმცემელი გახლავართ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ეს სამი თაობის ქალბატონები - ჩემი, მშობლების და ბებია-ბაბუის თაობის მანდილოსნები უკვდავი სილამაზისანი არიან. აქედან გამომდინარე, თუ გაქვს გონება, აზროვნება და შეფასების უნარი, უნდა დაინახო და დააფასო ეს სილამაზე. მადლობა უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ლამაზი ქალები და ღმერთმა ეს სიმდიდრე არ მოგვიშალოს.

კარგად იცით, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მილანზე, უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქალაქსა თუ ქვეყანაზე ამბობენ, იქ ლამაზი ქალები არიანო, მართალია, არიან მანდილოსნები განსხვავებული გარეგნობითა და სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, მაგრამ საქართველოში მდედრობითი სქესის წარმომადგენელს, ოჯახის ქალს რომ შეხედავ და გულისცემა გაგიჩერდება, დროებით, რასაკვირველია, ასეთი ქალების მოტრფიალე გახლავარ (იცინის). ოდრი ჰეპბერნიც ლამაზია, სოფი ლორენიც, ჯინა ლოლობრიჯიდაც და მერილინ მონროც, ყველას თავისი დანიშნულება და სილამაზე აქვს, მაგრამ ჩემთვის ოდრი ჰეპბერნი სულის შეკვრაა, რადგან ეს არის სიმშვიდის, გაწონასწორებულობის, არისტოკრატიის გამომსხივებელი მანდილოსანი.

- გარდა სილამაზისა, კიდევ რა კრიტერიუმებით აფასებ მანდილოსანს?
- ქალი მე იმისთვის არ მინდა, რომ სახლში მყავდეს, მიღიმოს და მამშვიდოს, ამისთვის არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც ამ ფუნქციას არაჩვეულებრივად შეითავსებს. არ მიყვარს არარეალიზებული ქალები, ისეთები, რომლებიც თავის ადგილს ვერ პოულობენ საზოგადოებაში. ქალი შეიძლება იყოს დედა და ბიზნესვუმენი, მას თავისი საქმე აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩემთვის, მაგალითად, დედაჩემი არის იდეალური ქალი და რატომ, გეტყვი. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ოჯახს, შვილებს, მეუღლეს, სამსახურს ერთმანეთს ისე უთავსებს, რომ ყველგან წარმატებულია, გარდა ამისა, ზრუნავს თავის გარეგობაზეც.

ქალმა საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოს, სამზარეულოშიც უნდა იტრიალოს, ოღონდ კვერცხი ნაჭუჭიანად არ უნდა შეწვას და ყველა საქმეს უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება. ასეთ შემთხვევაში ის იქნება შეუდარებელი, მაგრამ მე ვერ ავიტან ცოლს, რომელიც 24 საათი სამზარეულოში იქნება, თუ ის საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახდენს, შენ გამოგწოვს ყველაფერს (იღიმება), ამიტომ მას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, რომლითაც შინაგანი პოტენციალის რეალიზებას მოახდენს.

- რამდენად უნდა ემთხვეოდეს შენი და მისი ინტერესები ერთმანეთს?
- შეიძლება მას უყვარდეს ტოლმა ქონდრით, მე კი - უქონდროდ, მაგრამ ამაში არაა საქმე. კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივ საკითხებზე საერთო აზრი გვექნება. ჩემი კლასელის დედა ზვიადისტი, მამა - კი ედუარდისტი იყო, მათ სახლში რომ შეხვიდოდი, სულ უბედურება ტრიალებდა, აქედან ტაფა მოფრინავდა, იქიდან - საფერფლე (იცინის). სამზარეულოს ნახევარი საძინებლით ზვიადისტების ბანაკი იყო, მეორე ნახევარი კი ედუარდისტების, კაი დედის შვილი იყავი და საზღვრები გადაგეკვეთა (იცინის), ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არსებობს ოჯახების დანგრევის პრეცედენტები პოლიტიკური თუ სხვა საზოგადოებრივი შეხედულებების გამო. ვფიქრობ, ასე არ შეიძლება, მსგავს შემთხვევებში მოთმინებაა საჭირო. ქალს რაღაცის დათმობა უნდა შეეძლოს, თუ უნდა, რომ ოჯახი მდგრადი იყოს.

- ნიკა, რას ფიქრობ, შეიძლება თუ არა ქალმა და მამაკაცმა იმეგობრონ და ეს ჭეშმარიტი მეგობრობა იყოს?
- რასაკვირველია, ჩემი საძმაკაცოს 90% ბიჭები არიან, მაგრამ გარდა ამისა არიან ჩემს ცხოვრებაში ახლობელი ადამიანები - მეგობარი გოგონები. საჭიროა გყავდეს საპირისპირო სქესის მრჩეველი. მაგრამ თუ "მეგობარი ბიჭი" და "მეგობარი გოგო" ღამით ერთმანეთთან რჩებიან, საწოლში ლაპარაკობენ და ჭორაობენ, ეს სულ სხვაა, ეს მეგობრობა არ არის! როგორ შეიძლება ასეთი რამ? სხვათა შორის, ერთხელ ერთი ჩემი ნაცნობის 17-18 წლის გოგოს შევამჩნიე, ცოტა გვერდზე აპარებდა თვალებს, მივიდოდა მასთან ბიჭი და ღამით რჩებოდა, დედამისი კი ამბობდა, ბავშვები თამაშობენო, მე ვუთხარი, ბავშვების თამაში ბავშვების დაბადებით მთავრდება-მეთქი (იცინის).

- აქ თავისთავად მივედით გელფრენდ-ბოიფრენდობასთან, როგორ ფიქრობ, უნდა არსებობდეს ეს ინსტიტუტი?
- რასაკვირველია, უნდა არსებობდეს გელფრენდი (იღიმება), თუმცა "ძაღლის ნათრევი" ქალი სახლში შემოსაშვები არ არის. ამიტომ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულად შეიძლება ამ თემაზე მსჯელობა. ასეა თუ ისე, ეს გელფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტი მაინც არსებობს და მე რომ დავდგე გალაკტიონის ხიდზე და ვთქვა, "შესდექ, მტკვარო"-მეთქი, შედგება?! არ შედგება! ამიტომ ამაზე ზედმეტ ლაპარაკს აზრი არ აქვს (იცინის).

- ნიკა, სიყვარულსა და ქალებზე ვსაუბრობთ ამდენი ხანია, მოდი გვითხარი, ეს გრძნობა თუ გამოგიცდია?
- ზოგადად მყვარებია, მაგრამ არც სუნთქვა შემხუთვია და არც ფეხები მომკვეთია. საერთოდ, ამ გრძნობას დიდი მოფრთხილება სჭირდება, ოჯახის შექმნას წინასწარ ნიადაგის მომზადება უნდა. გიჟები კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ქალები აბანოში რომ მიჰყავდათ და კაცებს სპეციალურად ათრობდნენ, რათა ენახათ, როგორები იყვნენ სიმთვრალეში. ფუთი მარილი უნდა შეჭამო და გაიცნო ის ადამიანი კარგად, ვისთანაც მთელი შენი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას აპირებ. დღეს გაიცნობენ, ხვალ თხოვდებიან, ზეგ შორდებიან - ეს დიდი უბედურებაა.

- თუმცა არის შემთხვევები, როცა წლების შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე ერთმანეთის ნაკლს ან უარყოფით მხარეს, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ...
- თუ 40 წლის თანაცხოვრების შემდეგ შორდები ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან არჩევანი არასწორად გააკეთე, ან კიდევ მოხდა ფასეულობათა გადაფასება და მიხვდი, რომ ამ ეტაპზე ეს ის არ არის, ვინც გინდა, თორემ ამდენ ხანს მასთან ვერ იცხოვრებდი.

- შენი აზრით, არსებობს მამაკაცი, რომელიც ცოლს არ ღალატობს?
- ჩემს მეგობარ ნიკუშა ფორჩხიძეს, რომელსაც ულამაზესი ცოლი თამუნა ჰყავს, არასდროს გაუვლია გონებაში ღალატი. ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად წავკისში სავახშმოდ ავედით. ოთხი ბიჭიდან ორი ცოლიანი იყო და ორი უცოლო ვიყავით. ჩვენ გვერდით მაგიდასთან, ზურგით ორი წითელლოყება, ჩასუქებული, ღიპიანი მამაკაცი იჯდა, რომელთაც თან ახლდა ოთხი აშხვართული, სლავური წარმომავლობის, სავარაუდოდ კომერციული სექსმუშაკი.

ეს კაცები ერთმანეთში საუბრობდნენ, ის გოგონები კი თვალებით გვჭამდნენ. რამდენიმე ხანში ჩემი ცოლიანი მეგობარი საპირფარეშოში გავიდა, ერთ-ერთი გოგონა კი იმ წუთშივე სიგარეტის კოლოფით უკან გაჰყვა. ოღონდ ეს გოგო ისეთი ლამაზი იყო, თავსაც დაგავიწყებდა, ეროვნებასაც, ოჯახისშვილობასაც და საერთოდ ყველაფერს.

ცოტა ხანში უკან ბრუნდება ეს ჩემი მეგობარი სიგარეტის კოლოფით, რომელზეც ამ გოგომ თავისი ტელეფონის ნომერი დაწერა და მისცა. მან კი ეს კოლოფი ჩვენ მოგვცა, რა ჯანდაბად მინდაო?! ეს ფაქტი, რასაკვირველია, მის ცოლსაც მოვუყევით, აქედან გამომდინარე, არსებობენ ასეთი ადამიანები, ვინც ცოლს არ ღალატობს. მე ერთგული ქმარი ვიქნები!!!

- დასასრულ, გვითხარი, რა არის სიყვარული, ვიცი, რომ სიყვარულის ფორმულა გაქვს შემუშავებული...
- ერთხელ დამისვეს ეს შეკითხვა და ბევრი ვიფიქრე, რა არის სიყვარული, მოგეხსენებათ, წერას ატანილი კაცი ვარ, ჰოდა, დავწერე ჩემი აზრით რაც არის სიყვარული. სიყვარული - სიკეთეა, სიკეთე - ნიჭია, ნიჭი - პოზიციაა, პოზიცია - ქმედებაა, ქმედება - აზროვნებაა, აზრი - გონიერებაა, გონი - გამოცდილებაა, გამოცდილება - დროა, დრო კი წარმავალია ისევე, როგორც ყველაფერი ამქვეყნად...

No comments:

Post a Comment