„ჯუგლაძეს“, იგივე როლანდ ოქროპირიძეს, ორი წლის შვილი ჰყავს. გიორგი, დედის გვარს ატარებს, რადგან მამამ ის არ აღიარა. როლანდმა შვილი 2 თვის ნახა, ახალი წლის ღამეს დედამ მიუყვანა, თუმცა მსახიობი იმდენად გააღიზიანა შვილის ნახვამ, რომ გიორგის დედას ლამის ხელითაც კი შეეხო. პოეტესა ეკა ბაქრაძე ამბობს, რომ როლანდს მისი იმ ქალების სიაში შეყვანა სურდა, რომელთაც მუცელი მოაშლევინა, ასეთი კი „ჯუგლაძეს“ წარმოიდგინეთ და 5 ქალი ჰყოლია. ეკა ბაქრაძე როლანდ ოქროპირიძესთან ურთიერთობის დეტალებს „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ჰყვება.
ხაშურელი გოგოს და კახელი „ჯიშიანი“ ბიჭის ისტორია, ბრაზილიური საპნის ოპერის სცენარს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ მოქმედება საქართველოში ხდება და გმირებიც ქართველი ცნობადი სახეები არიან - დედა პოეტია, მამა კი მსახიობი. თუმცა ცნობილი „ჯუგლაძე“ ცხოვრებაში ისეთივე გულუბრყვილო სულაც არ ყოფილა, როგორც ტელეეკრანიდან ჩანდა.
ეს ისტორია ხუთი წლის წინ დაიწყო, ლამაზი ზღაპარივით, შემდეგ ფერად სიზმრებში გადაიზარდა, ბოლოს კი წყვილი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა და სიყვარულის ისტორიაც დასრულდა... თუმცა, დარჩა დიდი სიყვარულის ნაყოფი და პოეტესა ქალის ახდენილი ოცნება.
ეს ინფორმაცია ჩვენს ხელში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ამბის გადასამოწმებლად ხაშურში ჩავედით, თუმცა არც ვიცოდით მოქმედების მთავარი გმირი როგორ გვეპოვნა. ბევრი არც გვიძებნია, გაგვიმართლა, კეთილმა ბაბუამ ვიწრო ქუჩისკენ მიგვითითა და გვითხრა, აქვე, ბოლოში ცხოვრობსო. როცა ქუჩას დავადექით, პატარა ბავშვი და ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე, სხვათა შორის გავიხუმრე, იქნებ ეს არის როლანდის შვილი-მეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი გმირების ისტორიის მსგავსად, ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი განვითარდა და ქუჩაში შემთხვევით ნანახი ბავშვი, როლანდის შვილი აღმოჩნდა... ხოლო დედა კი, ცნობილი პოეტი ეკა ბაქრაძე. ეკას ლექსების წერა ოთხი წლის ასაკიდან დაუწყია, მას პირველი ლექსი დღემდე ახსოვს, თურმე როლანდისაც მიუძღვნა ლექსი, რომელსაც „შენ“ დაარქვა. ნათქვამია, როდესაც მთა არ მიდის წინასწარმეტყველთან, მაშინ წინასწარმეტყველი მიდის მთასთანო, ჰოდა ჩვენც მივედით მთასთან, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ჩვენი საუბარი დაიწყო.
- ეკა გიორგის ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ვის ჰგავს შენ თუ მამას?
- არა მე არ მგავს, ალი კვალი მამამისია, იცით, ვინ არის მისი მამა?
ხმას არ ვიღებ.
- გეტყვით, როლანდ ოქროპირიძეა.
აი, მთაც მოვიდა ჩვენამდე, თავისი ისტორიით, ყველაფერი კი ახლა იწყება, ეკამ გული გადაგვიშალა და თავისი სიყვარულის ისტორია დეტალებში მოგვიყვა. საუბარში რამდენიმე ცნობილი მსახიობი გოგოც ახსენა, რომლებსაც როლანდის ყოფილ ქალებად იხსენიებდა, თუმცა ჩვენ მათი სახელების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ და საუბრის გაგრძელებას შემოგთავაზებთ...
- ვიცი რომ გიორგი როლანდის შვილია, ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, როლანდის ინტერვიუ, ამბობს რომ იმ ქალს, რომელსაც შეიძლება მისგან შვილი ჰყავდეს, ბავშვი კი არა კაცი სჭირდება და ის, ამ ბავშვით სპეკულირებს.
ეკა ბაქრაძე:
- კაი რა, შვილი რომ არ მდომოდა მის სისულელეებს არ მოვითმენდი, ჩემს ლოგინში სხვასთან რომ გორაობდა ის ჩავყლაპე, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი მინდოდა, თორემ, როლანდი და მისი მოდგმა, საერთოდ არ მაინტერესებს.
- როლანდი ბავშვს არ კითხულობს?
- რა სისულელეა, არც უნახავს. ვიცი, რომ ნახვა უნდა, მაგრამ არ ვანახებ, რადგან ჩემთან ბევრ რამეში ჩაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე შვიდი წლით პატარაა, მაინც არ მეგონა თუ ასეთი პატარა აღმოჩნდებოდა. გასაზრდელს კი ახლაც ვზრდი და როლანდის გაზრდა ნამდვილად არ მინდა.
- შენ და როლანდი შეყვარებულები იყავით?
- კი, შეყვარებულები ვიყავით.
- როლანდს ბავშვი არასოდეს უნახავს?
- კი, ერთხელ ვანახე, ახალი წლის ღამეს, მაშინ გიორგი ორი თვის იყო... იმ ღამეს სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მას ერთი გემრიელად გავულაწუნე და შემდეგ მისი ნახვის არანაირი სურვილი არ მქონია.
- თვითონ არ დაურტყამს?
- შეეცადა, მაგრამ მერე გაჩერდა, მე ვუთხარი, მიდი ბოლომდე გამოამჟღავნე შენი კაცობა-მეთქი.
- ეკა მეუღლის გარეშე ბავშვის გაჩენა, ქართულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, არც ისე ადვილია, ოჯახისგან წინააღმდეგობა არ შეგხვედრია?
- არა. ერთადერთი ბაბუასი მერიდებოდა. სხვათა შორის ბაბუამ დღემდე არ იცის ვისი შვილია გიორგი. ერთხელ მკითხა და არ მითქვამს. ვუთხარი, რომ კარგი ჯიშიანი კაცისგან მყავდა, ბავშვს შეხედვისთანავე შეატყობ, ანუ პირდაპირ რომ გითხრათ, როგორც გავთვალე ყველაფერი ისე გამოვიდა. მე არ ვიყავი ოცი წლის გოგო, შვილი რომ მომეშორებინა, მინდოდა ბავშვი და გავაჩინე კიდეც, ოცდაათი წლის ასაკში, საკეისრო კვეთით.
- როლანდმა ბავშვს გვარი არ მისცა?
- არ მისცა და რომც დაიგლიჯოს კალთები არ მინდა. ზურა ყოფშიძე მთელი ცხოვრება დედის გვარზეა, მაგრამ მისთვის არავის წამოუძახებია.
- როცა როლანდმა შენი ორსულობის შესახებ გაიგი, რა გითხრა?
- მე არ ვარ მზად სერიუზული ურთიერთობისთვისო და ბავშვი მოიშორეო, მე ვუთხარი შენ პრობლემას არ შეგიქმნი ბავშვი ჩემთვის მინდა-მეთქი, მოკლედ, მთელი რიგი კამათების შემდეგ მოვატყუე, მოვიშორე-მეთქი. ამაზეა გამწარებული, სწორედ ეს ვერ მაპატია. შემომითვალა დიდი მსახიობი დაკარგა შენის სახით ქართულმა სცენამო (იცინის). იცით რაშია საქმე, ქალი არ უნდა მიიყვანო იმ ზომამდე, რომ მოგატყუოს, მით უმეტეს მე მისგან არაფერს ვითხოვდი. მას ის უნდოდა, რომ მეც იმ ხუთი ქალის სიაში მეექვსე ვყოფილიყავი, რომელსაც ბავშვი მოაშორებინა და გააუბედურა, რა ვიცი, რომელიმე მათგანმა შეიძლება გააჩინა კიდეც.
- არ მეგონა როლანდი ასეთი მექალთანე თუ იყო.
- ძალიან ცუდად გამომდის, მაგრამ როლანდი არის კაცი, რომელსაც ყველა ქალის დაპყრობა სურს. რომ უთქვამს ჩემთან ყოფნა უნდოდაო, ეგეც არ მყავდეს რა კაზანოვა, ეგრე არ არის რა, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს.
- როლანდი სად გაიცანი?
- ასე ვთქვათ, ჩემი მსახიობი იყო, ახლა რომ დიდი ვინმე ჰგონია თავი, პირველი ხელფასი მე გადავუხადე. როლანდი იყო ჩემი დეიდაშვილის ქმრის მეგობარი. მთელი ორი წელი გოგოებისგან მესმოდა მასზე, ყველა როლანდიზე იყო შეყვარებული, მესმოდა მათი წუხილი, მე კი ვანუგეშებდი, თან ვიძახდი ვინ არის ეს როლანდი ასეთი გამაცანით-მეთქი...
- და თქვენც იგივე მახეში გაებით?
- გეთანხმები მეც გავები, რადგან, როდესაც როლანდი დავინახე, გავშეშდი. ნამდვილად არ მეგონა 28 წლის ასაკში ასეთი რამე თუ დამემართებოდა. როლანდის შეუძლია იამაყოს, მან რქები დამამტვრია.
- როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
- სანამ გავიცნობდი მანამდე ტელეფონით მისი ნამღერი მოვისმინე, მაშინ როლანდის ხმა „ერთის“ ხმას მივამსგავსე, რომელიც ჩემი წარსული იყო და... როცა გავიცანი უკვე აღვნიშნე, რაც დამემართა. მერე კი დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ ყოფილიყო ეს ბიჭი სულ ჩემს გვერდით, ისე რომ არავის არაფერი ეფიქრა და შევქმენი პოეზიის თეატრი, სადაც როლანდი დავასაქმე. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ლამაზი იყო, მე მას „პატარა უფლისწულს“ ვეძახდი, ის კი „მილედის“. ერთხელ, წვიმაში ვხეტიალობდით, ხიდთან შევჩერდით, მე შემცივდა, როლანდი ჩამეხუტა, მისი სახე იმდენად ახლოს იყო ჩემთან ვიფიქრე, ახლა რომ მაკოცოს, მტკვარში გადავხტები- მეთქი, რადგან იმდენად ვესათუთებოდი მასთან ურთიერთობას არ მინდოდა, ყველაფერი წყალს გაჰყოლოდა. თუმცა, ეს ურთიერთობა დროებით, ერთმა ცნობილმა მსახიობმა ქალმა დაანგრია, რომელიც ჩემს შექმნილ თეატრში მე თავად მოვიწვიე, როდესაც მოვიდა და ჩაუხტა როლანდის კალთაში... რვა თვე არ გადმოსულა და ამასობაში ოქროპირიძეს გადაავიწყდა ჩემი არსებობა... მე კი მის გამო არც მიბრძოლია და არც იმ გოგოსთვის მიტრიალებია თითი, სხვათა შორის, სწორედ ამ მსახიობ გოგოსთან მღალატობდა, ჩემსავე სახლში. იცით რა, ოქროპირიძე ჩემთან არ შემოსულა, ის მე შემოვუშვი ჩემამდე, ეს სამყარო მას მე შევუქმენი, დიდი აკვარიუმი ავუწყვე, რომელმაც მანამდე იარსება, სანამ საჭირო იყო, შემდეგ დავშალე ყველაფერი... ერთხელ, როლანდის ერთი ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, ეკა როგორი არისტიკრატულიც ცხოვრებაში იყო, ისეთივე არისტოკტარია საწოლშიცო და ეგეთი ქალი არ მჭირდებაო. ამაზე ბევრი ვიხალისე, მე რა, დავდგე და მოვყვე ახლა, როგორი იყო როლანდი საწოლში? სხვათა შორის ჩვენს შორის წელიწად ნახევარი არაფერი ხდებოდა, მოდიოდა, მიდიოდა, მიმღეროდა გიტარაზე და თავგზას მიბნევდა. ბოლოს კი მოხდა ისე, რომ... თუმცა ჩვენი ურთიერთობა თითზე ჩამოსათვლელი იყო, ისიც კი ვიცი, როდის ამყვა ბავშვი, ეს ხუთ იანვარს მოხდა.
და ეკას პოეზიაში გაჩნდა ახალი სტრიქონები...
„მეცა მყავს სახლში პატარა ბავშვი
აუხდენელი ოცნების მსგავსი“...
პატარა გიორგის ეკა ძალიან თბილად ზრდის და ამბობს, რომ შვილის გამო ბევრი რამე დათმო, თუმცა დედობის გრძნობა ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია მისთვის. გიორგი ჩემთვის ჯილდოც არის და სასჯელიც -თქვა ჩვენთან საუბარში ეკამ.
ეს ისტორია მარტო ეკას არ უკავშირდება, მეორე და მთავარი გმირი როლანდ ოქროპირიძეა, რომლისგანაც სრულიად განსხვსვებული პასუხი მივიღეთ.
- როლანდ გამარჯობა, „პრაიმტაიმიდან“ გირეკავთ, მაინტერესებს ეკა ბაქრაძეს თუ იცნობთ?
- არა, ასეთ ვიღაცას არ ვიცნობ.
- ვიცით რომ ეკასთან შვილი გყავთ, მან თავად გვითხრა.
- მე არა მყავს შვილი.
- ვიცი რომ ორი თვის ბავშვი ნახე.
- შენ ვინ ხარ?
- თეა ხომერიკი.
- თეა საყვარელო ამ საკითხზე არ ვსაუბრობ და ნურაფერს მკითხავ.
ამ სიტყვებით, როლანდმა ტელეფონი გათიშა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მას ისევ დავუკავშირდი.
- როლანდ, ისევ „პრაიმტაიმიდან“ გირეკავ, ჩვენ სურათი გვაქვს შენი და ეკასი და რატომ გვატყუებ, არ ვიცნობო?
- ხომ გითხარი ამ თემაზე არ ვსაუბრობ და რა გინდა შენ, საერთოდ ვერ გავიგე.
- მე არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ კითხვაზე მიპასუხო.
- არ ვსაუბრობ ამ თემაზე და მორჩა.
ტელეფონი ისევ გაითიშა. მსახიობმა შვილის არსებობა კიდევ ერთხელ უარყო, ისევე, როგორც ეკა ბაქრაძესთან ნაცნობობა. ფოტო, რომელსაც თქვენ ხედავთ, პოეტესა ქალის ალბომიდანაა, და ის ერთადერთი არაა, რომელსაც ბაქრაძე სახსოვრად ინახავს. შვილს უნახავს, რომ იცოდეს ვინ არის მისი მამა...
(primetime)