Tuesday, August 24, 2010

კონცერტებზე ჩემს ჩაცმულობას თითქმის ანრი წყვეტს


ახალგაზრდა მომღერალი ანი სირაძე სამოსს მუდმივად აახლებს, თუმცა თავად დიდად არ უყვარს შოპინგზე სიარული და ამ საქმეს დედას ანდობს. ანი იმ გამონაკლის ქალბატონთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გარდერობშიც შავი ფერის ერთი კაბაც არ მოიძებნება. სამაგიეროდ ვარდისფერი ძალიან უყვარს. ჩაცმულობის საკითხში მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მეობრის, ცნობილი მომღერლის, ანრი ჯოხაძის აზრსაც. უფრო მეტიც, ანრის შეუძლია, ანის ვარცხნილობა საკუთარი ხელით შეუსწოროს.

– ანი, რა სტილის ჩაცმულობა მოგწონთ?

– ჩემს ასაკთან შედარებით მაინც უფრო კლასიკურად ვიცვამ. მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სპორტულად ვიცვამ. გააჩნია, სად მივდივარ. სამი წლიდან სცენაზე ვდგავარ და შეიძლება ამის ბრალიცაა კლასიკური სტილისადმი მიდრეკილება. ექსკურსიაზეც კი წავსულვარ ქუსლებით. ბოდბეში მივდიოდით და სხვები კედებით რომ წამოვიდნენ, მე ქუსლიანები მეცვა... (იცინის).

– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

– ამოჩემებული მაქვს ვარდისფერი. მგონი, მიხდება კიდეც. ძალიან ბევრი სამოსი მაქვს ვარდისფერში. შავი ფერის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ყველაზე მეტად ეს ფერი არ მიყვარს.

– ჩაცმულობაში რა არის თქვენთვის მთავარი?

– მიყვარს ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული სამოსი. ამ მომწონს, როცა რამდენიმე ადამიანს ერთნაირად რომ აცვია.

– 16 წლის ხართ. თინეიჯერული მოდა არ მოგწონთ?

– რატომაც არა?! ყველგან კლასიკურად ნამდვილად არ ვიცვამ. უბრალოდ კლასიკური სტილი ძალიან მომწონს და მიყვარს.

– რას არ ჩაიცვამთ არასდროს?

– არასდროს ჩავიცვამ ჩაჩაჩულ შარვალს, ჩაჩებს რომ ეძახიან. ბოლო კლიპის გადაღებისას, ჯარისკაცის ფორმა რომ მეცვა, იქ ჩემი შარვალი ოდნავ განიერი იყო. ამაზე გართულება მქონდა. არ მინდოდა ჩამეცვა, მაგრამ მაინც ჩამაცვეს. არ მიყვარს დიდი, განერი მაისურები. სულ ვიცვამ ტანზე მომდგარ სამოსს.

– გამომწვევად ჩაცმა რამდენად მისაღებია თქვენთვის? ღრმად დეკოლტირებული სამოსი, მოკლე კაბები და ა.შ.

– ამგვარი სამოსის ჩაცმის კომპლექსი არ მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ვხმარობ ამგვარ სამოსს. ვისაც უხდება, უნდა ჩაიცვას კიდეც. ვფიქრობ, 16 წლის ასაკში მსგავსი სამოსის ჩაცმა მაინცდამაინც საჭირო არაა.

– ყოველთვის მოდურად იცვამთ?

– ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ რაც მოდაშია, ის არ ჩამიცვამს. რა თქმა უნდა, ძველმოდურადაც არ ვიმოსები. პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს. თუ რაღაც მომწონს, წინა წლის მოდაც რომ იყოს, მაინც ჩავიცვამ. უბიანი შარვლები რომ შემოვიდა მოდაში, ყველა ჩემმა მეგობარმა იყიდა, მაგრამ მე ვერ ჩავიცვი.

– საზაფხულოდ რა შემატეთ გარდერობს?

– საზაფხულოდ შევიძინე ყველაფერი თეთრი, რადგან თეთრი ფერი წელს მოდაშია. ისედაც ძალიან მომწონს ეს ფერი. ახლა ვცდილობ, კარგი ნამზეური მივიღო და თეთრი უფრო მომიხდება. შევიძინე თეთრი შორტები, მაისურები, კომბინეზონი, შარვლები და ა.შ. ჩანთაც კი თეთრი ვიყიდე და ფეხსაცმელები. ზაფხულში მინდოდა, ყველაფერი თეთრი მცმოდა.

– რა აქსესუარს ხმარობთ ყველაზე ხშირად?

– ძალიან მიყვარს საყურეები და ბეჭდები. ახლა შევიძინე სამი ფერის ბეჭედი. ჩვეულებრივი ზომის ბეჭდებს არ ვიკეთებ, დიდი და განსხვავებული უნდა იყოს. ვერ ვიტყვი, რომ ოქროზე და ვერცხლზე ვგიჟდები. ეფექტური ბიჟუტერია უფრო მომწონს. მაქვს თოჯინის ფორმის საყურე. დაბადების დღეზე მაჩუქეს ავთანდილის კოლექციიდან ძალიან დიდი, მრგვალი საყურე. ყველამ იცის, რომ მიყვარს დიდი და ორიგინალური აქსესუარები. ქუდებსაც დიდი სიამოვნებით ვხმარობ. ძალიან მიყვარს თმის გადასაჭერები, რომლებიც ხშირად მიკეთია.

– როცა გინდათ, რომელიმე ბიჭის ყურადღება მიიქციოთ, როგორ იცვამთ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, კონკრეტულად ვინმე ბიჭისთვის რომ ჩამეცვას. ყოფილა შემთხვევა, რაც მე მოწონდა, იმ სამოსზე უთქვამთ, ეს არ გიხდებაო. მთავარია, მე მოწონდეს, სხვისი აზრი არ მაინტერესებს.

– როდის იღებთ ბიჭებისგან განსაკუთრებულ კომპლიმენტებს?

– მაშინ, როცა თინეიჯერულად მაცვია, ანუ კედები, ჯინსი და მაისური. მყავს ერთი მეგობარი, რომელიც არასდროს მეუბნება კომპლიმენტს, როცა მაღალ ქუსლზე ვდგავარ. მერე მეორე მეგობარმაც მითხრა, რომ არ მოსწონს, მაღლებზე რომ მხედავს.

– ანრი ჯოხაძესთან მეგობრობთ. ის თუ გამოთქვამს აზრებს თქვენი ჩაცმულობისა და გარეგნული იერის შესახებ?

– კი, როგორ არა! ჩემს ვარცხნილობაზე აქვს გართულება. ერთხელ სადღაც მივდიოდით და რომ გამოვედი სახლიდან, არ მოეწონა ჩემი ვარცხნილობა, თმა ჩამომიშალა. დიდი ხანი მიკეთებდა თავისებურ ვარცხნილობას. სამოსთან დაკავშირებითაც აქვს ამგვარი მომენტები. კონცერტებზე ჩემს ჩაცმულობას თითქმის ანრი წყვეტს. მეც ვეთანხმები მას, რადგან კარგი გემოვნება აქვს. საერთოდ ჩემი გემოვნება მოსწონს. ანრის ჩემზე მაღალი ქუსლები და კაბები მოსწონს.

– ანრის გარდა, სამოსთან დაკავშირებით რჩევებს კიდევ ვისგან იღებთ?

– დედაჩემისგან, რომელიც მთავარია ჩემთვის. მე მაღაზიებში სიარული არ მიყვარს. დედა მიდის და ყიდულობს ჩემთვის სამოსს. თუ არ მომწონს, აბრუნებს. ბოლოს მაინც მე ვირჩევ, რა უნდა ჩავიცვა.

– დიზაინერებთან არ იკერავთ სამოსს?

– მირჩევნია, მზა სახით ვიყიდო, იმიტომ, რომ არასდროს ვიცი, როგორი ტანსაცმელი მინდა. უნდა შევიდე სადღაც და მომეწონოს, რომ შევიძინო. შეიძლება შარვლის საყიდლად წავიდე, მაგრამ კაბით დავბრუნდე. ამიტომ დიზაინერებთან სამოსს არ ვიკერავ. კლიპის გადაღების დროს რა კოსტიუმებიც იხატება, ის დიზაინერებთან იკერება.

– სად ყიდულობთ სამოსს?

– მაქვს მაღაზია, სადაც იყიდება ექსკლუზიური კაბები. აქვთ მხოლოდ თითო –თითო კაბა და თითო–თითო ზომა. იქ ვყიდულობ ან ბიძაჩემის ცოლი მიგზავნის ავსტრიიდან. ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ერკვევა მოდაში და ჩემი კლიპის პრეზენტაციაზეც მის მიერ შერჩეული კაბა მეცვა.

– ძალიან ძვირი ღირს თქვენი კაბები?

– ავსტრიაში ბიძა მყავს და მასთან რომ ჩავედი დასასვენებლად, ვენაში "გრანდ ოტელის" მაღაზიებში მიყიდეს 500 და 700 ევროიანი კაბები. ორივე ძალიან კლასიკურია. ოთხ დღეში დაბადების დღე მქონდა და მაჩუქეს. ერთი კაბა სვაროვსკის თვლებითაა გაწყობილი.

– ჩანთას და ფეხსაცმელს თუ უხამებთ ერთმანეთს?

– აუცილებლად ვუხამებ. ერთხელ იმდენი ვიარე, ფეხსაცმლის შესაფერისი ჩანთა რომ მეყიდა... ვფიქრობ, ჩანთა და ფეხსაცმელი ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს.

– საწვეულებო სამოსს მაშინ ყიდულობთ, როცა გჭირდებათ თუ წინასწარ გაქვთ მომარაგებული ყოველი შემთხვევისთვის?

– წინასწარ. თუ მომეწონა მაღაზიაში კაბა, ვყიდულობ და გარდერობში ვდებ, რადგან ვიცი, რომ აუცილებლად დამჭირდება. ჩემი საწვეულებო კაბები სადა და კლასიკურია.

No comments:

Post a Comment